„USAID-ის პროექტების შეწყვეტა მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური პრობლემების გამოც - ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევრად დარჩება“ - განათლების ექსპერტი

„ეს შესაძლოა, კარგი იყოს მხოლოდ ხელისუფლებისთვის, თუ კი ის ავტორიტარიზმზე იქნება დაფუძნებული, იმიტომ, რომ ის თავად იქნება ერთადერთი წყარო ფინანსური რესურსისაც, ცოდნის შექმნისაც და პროცესების მართვისაც“,- ასე აფასებს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე USAID-ის შეჩერებულ პროექტებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, 20 იანვრიდან საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად კი სახელდება, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან.

მართალია, დაფინანსების აღდგენა 90 დღის შემდგე არის გადაწყვეტილი, თუმცა უცნობია, რომელი პროექტები და ამასთან, იგივე სახით გაგრძელდება თუ არა. ამის ფონზე, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ეს დახმარება არც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება. არადა, საქართველოში USAID-ი თითქმის ყველა მიმართულებას აფინანსებდა. მათ შორის, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას, კიბერუსაფრთხოებას და ა.შ.

ამ მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია განათლების მიმართულებით USAID-ს მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტები. საუბარია, ისეთ პროგრამებზე როგორიცაა „განათლება მომავლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა, ხელი შეეწყო საქართველოში მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებისა და სკოლების ხელმძღვანელობებისათვის შესაძლებლობები გაეფართოებინა. ასევე, მხარი დაეჭირა სკოლის ავტონომიის პოლიტიკისთვის. ამ მხრივ, USAID-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მის დაქვემდებარებულ უწყებებთან, საჯარო და კერძო სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან თანამშრომლობდა.

რაც შეეხება საბაზისო განათლების პროგრამას, ის თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებას ემსახურებოდა. საუბარია, მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების ხელშეწყობასა და შესაბამისი პროექტების განხორციელებაზე.

"ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევრად დარჩება"

შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ როგორც უმაღლესი, ისე დაწყებითი განათლების კუთხით, სწორედ USAID-ის დახმარებით გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მათ შორის, საუბარია შშმ-პირების ადაპტაციასა და მათზე მორგებულ განათლების სისტემის შექმნაზე.

გარდა ამისა, განათლების ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამოქალაქო განათლების პროგრამები. რაც თავისთავად, ძლიერი და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყებდა ხელს. მისი თქმით, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ამ მიმართულებით იქნება, რადგან ავტოკრატიული სისტემისკენ მიმავალ მმართველობის ფორმას [იგულისხმება საქართველო], არ სჭირდება ინდივიდზე მორგებული და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება.

„რა თქმა უნდა, ყველა ეს პროგრამა არის და დარჩება მნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა, ახალი ექსპერიმენტები და ცოდნა მაინც საჭიროა. გარდა იმისა, რომ მას შემოჰქონდა ფინანსური რესურსი, ინოვაციები, ცოდნა, იყო განცდა (არა მხოლოდ ჩვენში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაშიც), რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, იყო საქართველოს პარტნიორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პროგრამების განხორციელებისას. გარდა ამისა, ამ პროექტების შეწყვეტა მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური პრობლემების გამოც, რასაც მოჰყვება ძალიან ბევრი ადამიანის უმუშევრად დარჩენა. ასევე, ის ცოდნა, ინოვაცია და ცოდნის შექმნის შესაძლებლობები აღარ იქნება საქართველოში, რაც წლების განმავლობაში იყო.

პროექტების შეწყვეტა ცუდი იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო გამოსახედიდანაც, საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე და ეს განაცხადი იქნება, რომ აშშ-ი პარტნიორად აღარ აღიქვამს საქართველოს. რაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ეს შესაძლოა კარგი იყოს მხოლოდ ხელისუფლებისთვის, თუ კი ის ავტორიტარიზმზე იქნება დაფუძნებული, იმიტომ, რომ ის თავად იქნება ერთადერთ წყარო ფინანსური რესურსისაც, ცოდნის შექმნისაც და პროცესების მართვისაც. თუკი აღარ ეყოლება გარე პარტნიორები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ აქ დემოკრატიული პროცესები განვითარდეს, შესაძლებელია, ავტოკრატიული სისტემისთვის ეს იყოს კარგი. მაგრამ ეს ნამდვილად ვერ იქნება კარგი ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და მისი განვითარებისთვის“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 90 დღის შემდეგ პროექტების ნაწილის გაგრძელებას (თუმცა სხვა სახით) გეგმავს, შალვა ტაბატაძე იმედს გამოთქვამს, რომ განათლების პროგრამები ამ სიაში მოხვდება.

ნინი ქეთელაური