რუსეთიდან ფულადი გზავნილები 62.4%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნიდან გადმორიცხა ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა

2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე (265.1 მლნ დოლარი) - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად - 62.4%-ით რუსეთიდან შემცირდა. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარში ჩრდილოეთიდან საქართველოში 67.736 მლნ დოლარი გადმორიცხა, გასულ თვეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25.460 მლნ დოლარი იყო.

სებ-ის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,3% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,4% მოდიოდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები კვლავ აშშ-დან განხორციელდა, მეორე ადგილზეა იტალია, სამეულს კი რუსეთი ხურავს.

უფრო დეტალურად, გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, საიდანაც 2025 წლის იანვარში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • აშშ - 47.314 მლნ დოლარი
  • იტალია - 46.161 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 25.460 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 21.307 მლნ დოლარი
  • გერმანია - 19.353 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 18.993 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 7.549 მლნ დოლარი
  • ყირგიზეთი - 6.181 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 5.277 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 4.737 მლნ დოლარი

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.3 მლნ დოლარი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის (26.1 მლნ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,4% მეტია.