„ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება, უნდა იყოს შემოღობილი“ - ვის ეკისრება დარღვევებზე პასუხისმგებლობა

საქართველოში სამშენებლო უსაფრთხოების საკითხი რეგულირდება რამდენიმე კანონით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის კოდექსის გათვალისწინებით. ამასთანავე, სამშენებლო უსაფრთხოება, სამშენებლო ტერიტორიებისა და მიწის მოწყობა რეგულირებულია მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტით. რეგლამენტი განსაზღვრავს რიგ საკითხებს, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ტერიტორიაზე სამშენებლო მოედანი.

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ რეგლამენტის მეორე მუხლის თანახმად, სამშენებლო მოდანი შემდეგი სახის უნდა იყოს:

  • მოედანი დასახლებულ ადგილებსა და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა;
  • შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას;
  • სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში;
  • ჭები, შურფები, ნათხარ გრუნტებში ხალხის შესაძლო მოხვედრის ადგილები დახურული უნდა იყოს ხუფებით, ფარებით ან უნდა იყოს შემოღობილი.

შრომის ინსპექციის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში 78 შემთხვევა გამოვლინდა ისეთი, როდესაც სამშენებლო მოედანი არ იყო შემოღობილი.

„ბიზნესპრესნიუსთან“ სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი აღნიშნავს, რომ რეგლამენტი არეგულირებს მშენებლობამდე სამშენებლო მიწაზე განსახორციელებელ ვალდებულებებსაც. ამ ვალდებულებების საბაზისო მოთხოვნაა, ტერიტორიის შემოღობვა და ადგილზე უცხო პირთა მოხვედრის აღმოფხვრა.

„გვაქვს მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიწის სამუშაოებსაც შეეხება. გვქონია ასეთი [მიწასთან დაკავშირებული] შემთხვევაც - ამის მაგალითია რამდენიმე დღის წინ ბათუმში განვითარებული მოვლენები. როგორც კი პროცესები დაიწყება ელემენტარულ მოთხოვნას აწესებს დადგენილება, ერთ-ერთი არის ტერიტორიის შემოღობვა და ჩაკეტილი ჭიშკარი. ნებისმიერი ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა იგეგმება და სანებართვო დოკუმენტაციები თანხმდება, როგორც კი გაიცემა სანებართვო დოკუმენტი, უკვე უნდა იყოს შემოღობილი მოედანი და უცხო პირთა შეუღწევადობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმებით“, - აღნიშნავს იურისტი.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს ბათუმში ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხილში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ ადგილი სადაც ტრაგედია მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია... მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ”,- თქვა ფუტკარაძემ მედიასთან 16 თებერვალს.

ზაქაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მშენებლობის უსაფრთხოების რეგლამენტი არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როცა ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. მისი თქმით, როგორც კი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია გაიცემა, ავტომატურად ჩნდება ვალდებულება, ტერიტორიის მინიმუმ შემოღობვის.

„მუნიციპალიტეტების ექსკლუზიური ვალდებულებაა, რომ გააკონტროლონ და დააჯარიმონ უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში პირი. ტერიტორიაზე ფიზიკურად სამუშაო მიმდინარეობს თუ არა, ეს არ არის უსაფრთხოების რეგლამენტების გავრცელების წინაპირობა - როგორც კი სანებართვო დოკუმენტი გაიცემა, მიუხედავად იმისა, იქ დაწყებულია თუ არა სამშენებლო სამუშაოები, ღობის და ჩაკეტილი ჭიშკრის მოთხოვნა ავტომატურად ჩნდება“, - დასძინა იურისტმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ტერიტორია, იქნება ეს სამშენებლო თუ არასამშენებლო, არის სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში, და მოხდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ან ქონების დაზიანება, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

„ნებისმიერი საჯარო ინფრასტრუქტურა, რასაც არ ჰყავს კერძო მესაკუთრე, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო გამგებლობაშია. ცხადია, ნებისმიერ გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს კოდექსი, თუმცა, როცა სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რამდენად ხდება გამოძიება და პასუხისმგებლობის დადგომა, მე ინფორმაცია არ მაქვს.

იყო ასეთი შემთხვევა ბათუმში, როცა უნებართვო სამუშაოების შედეგად ჩამოინგრა კორპუსი და უამრავი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ვინც მშენებლობას აწარმოებდა, მათ წინააღმდეგ ჩატარდა გამოძიება და არ ჩატარდა იმათ მიმართ [სახელმწიფო ორგანოები], ვისაც ეს პროცესი უნდა გაეკონტროლებინა. ამიტომ რამდენად დააკისრებს სახელმწიფოს სხვა სტრუქტურები პასუხისმგებლობას, რთულია ამის თქმა - ვერ გეტყვით რა მოხდება ბათუმის შემთხვევაში, ისიც კი არ ვიცით, ვინ იყო ტერიტორიის მესაკუთრე“, - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

მერი ტაბატაძე