„Tbilisi Dry Port-ის პირველი ფაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“ - როდის გაიხსნება პორტი

Tbilisi Dry Port-ის მშენებლობის პირველი ფაზა უახლოს პერიოდში დასრულდება, - ამის შესახებ აღნიშნულია Tbilisi Dry Port-ის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პორტის გახსნა მომდევნო ორ თვეშია დაგეგმილი.

„2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია თბილისის მშრალი პორტისთვის, რადგან პროექტის პირველი ფაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ხოლო პორტის გახსნა მომდევნო ორ თვეში იგეგმება.

ეს პროექტი საქართველოს, როგორც საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს და სავაჭრო გზების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. Tbilisi Dry Port-ი როგორც AD Ports Group ნაწილი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს!“, - აღნიშნულია „თბილისის მშრალი პორტის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, Tbilisi Dry Port განლაგებულია კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, შუა დერეფნის შუაგულში და ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის პორტებს. 2024 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.

მაშინ AD Ports Group-ი იტყობინებოდა, რომ პროექტი სამ ფაზად განხორციელდება. პროცესების დასრულების შემდეგ ობიექტის საწყობი განლაგებული იქნება 100 000 კვ.მ-ზე და 286 ათას TEU საკონტეინერო ტვირთს გაატარებს.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „თბილისი დრაი პორტი" 2021 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კომპანიის 75% ფლობს „თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტი“, 25% კი „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას“ ეკუთვნის. თავის მხრივ, „თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტში“ 80%-ს არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული აბუ დაბის საპორტო კომპანია ფლობს, 20%-ს - „ინვეკო“. რაც შეეხება „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას“, აქ 50%-იანი წილის მფლობელია „ინვეკო“, 50% კი ნორვეგიულ „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ეი.ეს“-ის საკუთრებაშია.

მერი ტაბატაძე