„ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს“ - 3 საფრთხე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ემუქრება

„თუ გლობალურად იქნება მაღალი ინფლაცია, საქართველოში საქონლის იმპორტთან ერთად, ამ ინფლაციის იმპორტიც მოხდება. ეს ცნობილი ფენომენია და ამ თვალსაზრისით, საქართველოც დაცულად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას“ - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ აისახება საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორი გაზაფხული ელოდება საქართველოს მოსახლეობას, პაპავა პასუხობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს.

ლადო პაპავა: თუ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ სიტუაციას, დღეს საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო მოვლენას ადგილი არა აქვს. არის სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც ადასტურებენ, რომელთა ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციით, ინფლაცია საკმაოდ ზომიერია. თუ ასე განცალკევებულად ავიღებთ ეკონომიკას, დღევანდელი გადასახედიდან რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის. თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რომელთაც უნდა გაეწიოს ანგარიში. პირველი შეეხება უშუალოდ საქართველოს - ეს ფაქტორი ის არის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ახლახან მიღებულ იქნა ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, სადაც მოწოდებულია, რომ ევროკომისიამ შემოიღოს ახალი სანქციები კონკრეტულ პირებზე. რა თქმა უნდა, სანქციები სულაც არ არის კარგი. ეს ქმნის სიტუაციის გართულების გარკვეულ მოლოდინებს და გვინდა თუ არა, აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. ჩემთვის ნებისმიერი თემა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ეროვნული ვალუტის, ლარის სტაბილურობას, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია და, ალბათ, არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. ჩემთვის-მეთქი, რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვიდექი ლარის შემოღების სათავეებთან და ამიტომ ნებისმიერი ხელოვნური ზეწოლა, რომელიც შეიძლება აისახოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, ჩემთვის მიუღებელია.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში იმ პირთა შორის, რომელთა სანქცირება უნდა მოხდეს, მოხსენიებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია თურნავა. როცა სიაში ხვდება ასეთი პირი, მარტო ქალბატონ ნათია თურნავას მიმართ უნდა განვიხილოთ სანქციების შემოღება, არამედ, გარკვეულწილად, ეს არის ზეწოლა ისეთ არაპოლიტიკურ ინსტიტუციაზე, როგორიც არის ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ანუ საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს შემაშფოთებელია და ვფიქრობ, არაკორექტულიც. ქალბატონი ნათია აქამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, პრეზიდენტი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა და მალევე მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მილოცვა და თანამშრომლობის განახლების მოლოდინი. ამ ვითარებაში კი მისი იმ პირთა სიაში ძალით მოხვედრა, რომლებიც სანქციებს უნდა დაექვემდებარონ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ასევე გაუგებარია ამ სიაში ბატონი გაიაშვილის მოხვედრა, რომელიც "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთ სიაში პოლიტიკოსების მოხვედრა სხვა საკითხია, რასაც ვიღაც დაეთანხმება, ვიღაც კი არა...

გარდა ამისა, დაძაბულობა ქვეყანაში, რაც გამოიხატება ყოველდღიურ საპროტესტო აქციებში, ეკონომიკაზე ახდენს უარყოფით გავლენას და ეს საფრთხეა საქართველოს ეკონომიკისთვის. მეორე საფრთხე უფრო გლობალურია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, არამედ საზოგადოდ, მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკმაოდ, ასე ვთქვათ, ინტენსიურად იღებს გადაწყვეტილებებს, ხან ამკაცრებს, მერე კი ისევ ამსუბუქებს. მისი პოლიტიკური ინსტრუმენტი მიმართულია სავაჭრო ტარიფების გაზრდისკენ მისთვის მნიშვნელოვან ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა კანადა, მექსიკა, ევროკავშირი, ჩინეთი. რა თქმა უნდა, ეს გლობალურ ცვლილებებს იწვევს. როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს მაღალ საბაჟო ტარიფს უწესებს, უნდა ველოდოთ კონტრნაბიჯებსაც. ამ შემთხვევაში ეს მთელ მსოფლიოზე აისახება, გამოიწვევს მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში კიდევ ერთ, მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც საბოლოოდ აისახება ინფლაციის დონეზე მთელ მსოფლიოში და ცხადია, ჩვენზეც.

საქართველო 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გახდა იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. 2000-იანებში თუ იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აღემატებოდა, ახლა მხოლოდ 2,6-2,7-ჯერ - ანუ თანაფარდობა მცირდება, მაგრამ საქართველო მაინც რჩება იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად. ეს ნიშნავს, რომ თუ გლობალურად იქნება მაღალი ინფლაცია, საქართველოში საქონლის იმპორტთან ერთად, ამ ინფლაციის იმპორტიც მოხდება. ეს ცნობილი ფენომენია და ამ თვალსაზრისით, საქართველოც დაცულად ვერ ჩაითვლება. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

იმავდროულად, იმედისმომცემია ინვესტიციები. მთავრობის აქტიურობით მოხერხდა სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობის დამყარება და ახლა არაბული სამყაროდან მოსალოდნელია წამოვიდეს 6-მილიარდიანი ინვესტიცია. თუნდაც ერთი ასეთი მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან დადებითად აისახება - ჯერ ერთი, იქნება სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება, მეორე მხრივ, ეს არის დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინება, რასაც ექნება რისკების დამცავი ფუნქცია, რადგან გაიზრდება უცხოური ვალუტის მიწოდება ქვეყნის ბაზარზე.

- კონკრეტულად ამ არაბულ ინვესტიციაზე ბევრი კითხვა დაისვა, დაწყებული მისი რეალური განხორციელებით და დამთავრებული შედეგებით. რა გარანტიაა, რომ ეს მართლა განხორციელდება და მეორე, რომც განხორციელდეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ არის დასავლური ინვესტიციები, ქვეყანაში რა ამინდს შექმნის?

- ძალიან კარგად ვიცით, რომ დასავლური კომპანიების ინვესტიციები, ძირითადად, იმ სეგმენტში იყო, ესტონური მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირებას გადასახადისგან რომ ათავისუფლებს. რაც შეეხება არაბულ ინვესტიციას, მე მაფიქრებს არა ის, შემოვა თუ არა, არამედ ის, რომ მერჩივნა, ყოფილიყო ისეთი ინვესტიცია, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს განავითარებდა. წარმოიდგინეთ, ის ინვესტიცია, რომელზეც ითქვა, რომ უნდა შემოვიდეს, პრაქტიკულად, არის საცხოვრებელი თუ დასასვენებელი კომპლექსების, ტურისტული სექტორის განვითარება. ცხადია, ამ კომპლექსს რომ ააშენებ, ეკონომიკა იზრდება იმ თვალსაზრისით, რომ მშენებლობა ეკონომიკის რეალური სექტორის დარგია, მაგრამ ეს ხომ წარმოება არ არის. ამიტომ, ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, ბევრად უკეთესი იქნება შემოვიდეს ისეთი ინვესტიცია, რომლის შედეგადაც შეიქმნება ახალი საწარმოო სიმძლავრეები, დასაქმდება მოსახლეობა. სამწუხაროდ, ეს ინვესტიცია ასეთი არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, მაინც აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო ისეთია, შეიძლება სხვა ინვესტორიც შემოვიდეს, ხოლო, მეორე მხრივ, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინება, რომელიც ამ რთულ ვითარებაში დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე და ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ზრდის შესაძლებლობებსაც გაზრდიდა.

- დასავლეთის წნეხზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ჰაერიდან ხომ არ არის, რეალურად რაღაც კონკრეტულ პრობლემას, "ოცნების" ქმედებებს მოჰყვა. რამდენად სწორია ამ შემთხვევაში მთავრობის მოქმედებები?

- დღეს არჩევნების შედეგების აღიარება-არაღიარების თემა, სამწუხაროდ, რწმენის კატეგორიაში გადაიზარდა... არის პირთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები, ფაქტობრივად, დიდად არ იკვეთება. არის მეორე ჯგუფი, არანაკლები, შესაძლოა ბევრად მეტი რაოდენობის ადამიანისა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეუთო/ოდირის დასკვნაც არსებობს, რომელიც ლაპარაკობს ხარვეზებზე, მაგრამ პრაქტიკულად ისეთი ხარვეზები არ არის, რის გამოც არჩევნების შედეგები არ უნდა იქნეს აღიარებული. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, დასავლელი პარტნიორების დონეზე ჯეროვნად არ იმუშავა, რათა ეჩვენებინა, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინ, როდესაც ოპოზიციამ წარმატებით იმუშავა და თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა თუ გამოვალთ იქიდან, რომ არჩევნები გაყალბებულია, მაშინ წნეხს, რაც მოდის დასავლეთიდან, აქვს ახსნაც და გამართლებაც. თუ დავუჯერებთ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, აქედან გამომდინარე, რაც დღეს დასავლეთიდან მოდის, ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა. მთელ მსოფლიოში ჩამოყალიბდა მართლა ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც საუბარია არა იმაზე, სინამდვილეში რა მოხდა, არამედ იმაზე, როგორი არის აღქმა და, ფაქტია, სწორად აღქმის კონტექსტში მოიკოჭლებს "ოცნების" ხელისუფლება. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციაც ვერ არის არჩევნების შედეგებზე ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული. კერძოდ, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნების შედეგები არავინ აღიარა, მაგრამ ყველა, ერთი პარტიის გარდა, დათანხმდა, რომ ბიუჯეტიდან იმ პროპორციით მიეღო დაფინანსება, რა პროპორციითაც იქნა არჩევნების შედეგები გამოცხადებული.

ახლა ლაპარაკია ახალ არჩევნებზე, მაგრამ ვინც ამას ითხოვს, განა ხსნის იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს? თანაც საუბარია ახალ არჩევნებზე და არა ვადამდელზე, რადგანაც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იმის ირიბი აღიარებაა, რომ 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმური იყო. ვადამდელი არჩევნების დანიშვნას სხვა პროცედურა აქვს, ახალი არჩევნების დანიშვნას კი სხვა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს კონსტიტუცია, იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ დავარღვიეთ ის და დღემდე ვიმკით იმ უბედურებას, რაც მოხდა 1990-იანი წლების დამდეგს სახელმწიფო გადატრიალების თვალსაზრისით. ამიტომ ახალი არჩევნების მოთხოვნას უნდა ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური საფუძველი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იკვეთება.

"ქართული ოცნების" სუსტი მხარე ის არის, რომ მათ ობიექტური არგუმენტები ჯეროვნად ვერ წარუდგინეს ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს. სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემის წინაშე დგას არაერთ ქვეყანაში ჩვენი საელჩოების საქმიანობაც. ის, რომ ქალბატონი სალომე დღემდე თავს პრეზიდენტად მიიჩნევს, ჩემთვის ეს, სამწუხაროდ, კარიკატურულია, თუმცა დასავლელ პარტნიორებს დააჯერა, რომ დღემდე ქვეყნის მოქმედი და არა ყოფილი პრეზიდენტია. მისი საქმიანობა კარიკატურულთან ერთად ქვეყნისთვის მავნებლურიცაა! თუმცა, როცა მართლაც იყო პრეზიდენტი, მაშინაც არ ფიქრობდა კონსტიტუციის დაცვაზე და ახლა რატომ უნდა იყოს მისი ასეთი ქცევა გასაკვირი? დასავლეთისთვის ქალბატონი სალომე რომ დღემდე საქართველოს პრეზიდენტია, ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია... ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი რწმენის დონზე დავიდა და ფაქტები მეორეხარისხოვანი გახდა!

- თქვენ აქცენტს აკეთებთ მხოლოდ არჩევნებზე, არადა, პროტესტი სხვა რამის გამოა. ივანიშვილს ევროკავშირზე რომ უარი არ ეთქვა და კობახიძეს კონსტიტუცია არ დაერღვია ამ განცხადებით, მანამდე არ ელანძღათ დასავლეთი, არ მიეღოთ ის კანონები, რაც მიიღეს და ა.შ., დასავლეთიდან ეს რეაქცია ხომ არ იქნებოდა? ამიტომ არა მგონია, ახლა არჩევნების გაყალბება-არგაყალბებაზე აქცენტი რელევანტური. სხვა პრობლემებია დღეს ქვეყანაში, რაც პირდაპირ "ოცნების" ქმედებებით არის გამოწვეული და ამაზე მთავრობის რეაქციებს როგორ აფასებთ?

- ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, მართლაც ასე რომ იყოს, მაშინ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ვადამდელ და არა ახალ არჩევნებს უნდა ითხოვდნენ. ეს კი პრინციპულად განსხვავებული რეალობა იქნებოდა! აქვე მოგახსენებთ, რომ თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი კანონს "გამჭვირვალობის შესახებ" და ამის თაობაზე თუნდაც თქვენთან არაერთ ინტერვიუში მითქვამს. ისიც მაქვს ნათქვამი, რომ კანონი ძალაში შევიდა 2024 წლის სექტემბრიდან და ჯერ ამოქმედებული არ არის... მაშინ რად გვინდა ისეთი კანონი, რომელიც ძალაშია, მაგრამ ამოქმედებული არ არის? მაგრამ დღეს მსოფლიოში შეიცვალა სიტუაცია. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯერ ბრძანა, UშAID უნდა დავხუროო, მერე თქვა, უნდა გარდავქმნათო, და რა აღარ უწოდა, ყველანაირი უარყოფითი ეპითეტით შეამკო. მთავარი კი ის არის, თუ რაში იხარჯებოდა UშAID-ის ფული. თურმე 25 მილიონი გამოიყო საქართველოში ე.წ. მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის და ბანერების გარდა, რა გვაქვს, რაში დაიხარჯა 25 მილიონი? ასეთი ბევრი კითხვა არსებობს მსოფლიოს მასშტაბით და გამოდის, თურმე "ოცნების" მიერ ამ კანონის მიღებას გამართლება ჰქონია. არ ვიცით, აშშ ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ბატონი ტრამპი კიდევ რას როგორ შეცვლის, მაგრამ გამჭვირვალობის მოთხოვნა დღეს აბსოლუტურად ლოგიკური ხდება. თუ ვაშინგტონი აყენებს, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს და იქ ყველამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება აშშ-ის ფული, ჩვენც ხომ უნდა ვიცოდეთ, ჩვენთან მათი ფული რისთვის იხარჯება?

- ჯერ ერთი, ეს ხომ ისედაც ვიცოდით, დონორებს თავის საიტებზე უწერიათ, რა პროექტებს აფინანსებენ და მეორე, თქვენვე ამბობთ, რომ ეს კანონი ვერ მუშაობს და ხომ იცით, რომ რეალურად სამოქალაქო სექტორისთვის "აგენტის" იარლიყის მიკერება უნდოდათ?

- ერთია, რა ეწერათ და მეორე, ამ სახელით რა კეთდებოდა. თუნდაც ის, რომ თურმე USAID-ი მსოფლიო მასშტაბით რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებებს ამზადებდა, ამის შესახებ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ არ თქვა? დღეს "დიპსტეიტი", "ომის პარტია", და სხვა მსგავსი ტერმინი გამოიყენება... მოდი, ფაქტებს შევხედოთ - იყო თუ არა უკრაინის მთავრობის მოწოდებები, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი და სამხედრო ძალით შესულიყო აფხაზეთსა და ცხინვალში? არ იყო? ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ან ბიუროკრატი მითხარით, რომელმაც მოუწოდა უკრაინის მთავრობას ან თუნდაც მიეცა მისთვის რეკომენდაცია, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი განცხადებებისგან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის 20% რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულია და მას ახალ შარში, თანაც აშკარად წამგებიან "თამაშში", ნუ გახვევთო. სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დუმდნენ, დუმილი კი თანხმობის ნიშანია. დახურულ კარს მიღმა კი ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს ვინ რა ელაპარაკა, არც მე ვიცი და არც თქვენ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ამის გამო ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვიეს და მერე ჩვენი ელჩი გამოუშვეს კიევიდან. მიუხედავად ამისა, საქართველო საერთაშორისო დონეზე ყველა კენჭისყრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარს უჭერდა და უჭერს უკრაინას, ერთ-ერთი ინიციატორიც იყო, ჰააგის ტრიბუნალში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი რომ შევიდა; საქართველომ ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწია უკრაინას; უკრაინელები აქ რომ ჩამოვიდნენ, ყველანაირი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, მიუხედავად ამისა, კიევიდან მთავარი მოწოდება იყო, რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხოლო დასავლეთიდან არავის გაუკეთებია ერთი კომენტარიც კი, დაანებეთ საქართველოს თავიო.

- ევროკავშირში გაწევრების პირობები რომ შეესრულებინათ, სასამართლოს რეფორმა რომ გაეტარებინათ, ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება ხომ არ გახდებოდა პრობლემა?

- 2023 წელი მშვენივრად დავასრულეთ. პირობებიც შესრულდა და ქვეყანამაც მიიღო კანდიდატის სტატუსი...

ყველა საერთაშორისო კრიტერიუმით, რომელიც კი ადრე ქვეყნდებოდა, ან ახლაც ქვეყნდება, საქართველო ყოველთვის იყო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ. როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ითქვა, უკრაინას იმიტომ ვანიჭებთ, ომშია, ხოლო მოლდოვას იმიტომ, რომ ომის საფრთხე ემუქრებაო. საქართველოს არ მიანიჭეს იმიტომ, რომ არც ომში იყო და არც ომის საფრთხე ემუქრებოდა.

- ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთებული.

- გეთანხმებით, განცხადებები, სამწუხაროდ, ყოველთვის არ იყო გაკეთებული ჯეროვან დონეზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია 28 ნოემბრის განცხადება. ნამდვილად არ ვიცი, იმ დროს მთავრობა რა ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, გაეკეთებინათ თუ არა ეს განცხადება, ვურჩევდი, თავი შეეკავებინათ. მოგვიანებით, პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებისთვისო, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, 28 ნოემბრის განცხადება ვეღარ გადაფარა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არცთუ ცოტა ადამიანი ამა თუ იმ განცხადებას ისე აღიქვამს, როგორც უფრო აწყობს. ფაქტია, ასეა, როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ...

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ქვეყანა ბევრად მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ვიტყოდით. დღეს პოლიტიკური კრიზისი, მაგალითად, გერმანიაშია, რადგან კოალიცია დაიშალა, მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას და დაინიშნა ახალი არჩევნები. ამ არჩევნებშიც ან რომელიმე პარტია გაიმარჯვებს, ან ისევ ახალი კოალიცია შეიქმნება და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. საქართველოში კი არ ვიცი, ახალი არჩევნები როგორ უნდა დაინიშნოს, მაგრამ დავუშვათ, ეს მექანიზმი მოიძებნა და დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს, დაპირისპირება დასრულდება? სამწუხაროდ, არა. სამწუხარო ფაქტია, დღეს საქართველოში არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ უფრო მძიმე - საზოგადოების კრიზისია, მშობლები და შვილები, მეუღლეები, და-ძმები, მეგობრები, მეზობლები არიან დაპირისპირებული. საზოგადოება გახლეჩილია და ეს არის ყველაზე ცუდი. ეს ვერ გადაწყდება არჩევნებით. ნამდვილად არა მაქვს იმის მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისის გადაჭრა, მაგრამ ერთ-ერთი გზა არის, რომ ითქვას სიმართლე. მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი დროთა განმავლობაში დაპირისპირების განმუხტვა.

ქართველ საზოგადოებაში ძლიერი დაპირისპირება გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს დაიწყო, რომლის ნიადაგზეც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა - გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას ვგულისხმობ. საზოგადოებაში განხეთქილება ერთხანს ცოტა მინელდა, მაგრამ ახლა ისევ გამწვავდა. საპარლამენტო არჩევნებით კი, ვეჭვობ, ეს პრობლემა გადაწყდეს, რადგანაც დამარცხებული პოლიტიკური ძალები (ვინც არ უნდა იყოს) კვლავ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და იტყვიან, არჩევნები გაყალბდაო, რასაც მხარდამჭერებს ქვეყანაშიც და მის გარეთაც აღქმების დონეზე დააჯერებენ.

- კანონების გამკაცრება, ახალი რეგულაციების დაანონსება, საგამოძიებო კომისიის შექ­მნა "ოცნებას" რისთვის სჭირდება და საზოგადოებაში განხეთქილებას უფრო არ აღრმავებს?

- ჩემთვის არაფერია გაურკვეველი. "ნაცმოძრაობა" იყო ის აგრესიული ძალა, რომელმაც არაერთი შეცდომა თუ დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ "ოცნებამ" ის შეცდომა დაუშვა, რომ ეს თავის დროზე უნდა გამოეძიებინა. 2013 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შედეგად კოაბიტაცია უნდა დასრულებულიყო, შესაქმნელი იყო მსგავსი კომისია და მას გამოძიება 2013-2014 წელს უნდა ჩაეტარებინა. სამწუხაროდ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თუმცა, ადრე თუ გვიან, ხომ უნდა იქნეს გამოძიებული, რა ხდებოდა "ნაცების" მმართველობის დროს. ისევე, როგორც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა იყო ფაშიზმი, ასევე, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში. ეს რომ თავის დროზე გაკეთებულიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ახლა კი დასავლეთში ამგვარი კომისიის შექმნა აღიქმება როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 2013-2014 წლებში ის იქნებოდა აღქმული როგორც სამართლიანობის აღდგენა, ახლა კი, სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მას აღიქვამენ როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.

- დღეს ქვეყანაში სხვა პრობლემა არ არის? ეს ერთი და მეორე, აქციებზე დაკავებული პირების ჩვენებები წაიკითხეთ? ნახეთ, რას წერენ პროტესტისთვის დაკავებულები, როგორ სცემდნენ და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ა.შ. ამაზე დამნაშავეებმა არ უნდა აგონ პასუხი?

- ყველა, ვინც დაარღვია კანონი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ეს პოლიციელებსაც ეხება, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას. ჯერჯერობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოკვლევის შედეგები არ ჩანს და, ეს, სულ ცოტა, გაუგებარია...

საზოგადოებაში უნდა ჩამოყალიბდეს განცდა, რომ ყველა კანონდამრღვევი დასჯილია. ეს თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას, მიუხედავად იმისა, ბარიკადის რომელ მხარეს დგას.

განაგრძეთ კითხვა: