საქართველოში გარკვეული ნებართვების გაცემამდე, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება. საუბარია, იარაღის ტარების ნებართვის გაცემასა და მართვის მოწმობის აღებაზე. აღნიშნულს გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.
კერძოდ, ცვლილებათა პაკეტში საუბარია, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაზე, სადაც აღრიცხული და თავმოყრილი იქნება მონაცემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ.
როგორც ცნობილია, იარაღის ტარების ნებართვის, მართვის მოწმობის უფლების მისაღებად საჭიროა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, თუმცა, კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას.
„შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. ასეთი პირი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს იარაღზე, სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ხელი არ მიუწვდებოდეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე აღებული აქვს მართვის მოწმობა ან იარაღის ტარების უფლება და ამის შემდეგ მოხვდება ამ ბაზაში, მას ეს ნებართვა შეუჩერდება.
ცვლილების თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა სავალდებულო იქნება, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, ბაზის ადმინისტრირებას და მართვას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მიზნობრიობით ექნება მასზე წვდომა.
„მაგალითისთვის, ეს მიზნები შეიძლება იყოს: იარაღის ტარების ნებართვის გაცემა, სატრანსპორტო საშუალებაზე მართვის მოწმობის გაცემა. ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია შსს-თვის ცნობილი იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ოჯახში ხდება ძალადობა, დროებითი მოთავსების იზოლატორში ხდება გადაყვანა ან უწყებაში დასაქმების საკითხია გადასაწყვეტი,“ - აღნიშნა დარახველიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა წარდგენილ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.