Google-ის აღმასრულებელ დირექტორ სუნდარ პიჩაის პროგნოზით, კვანტური კომპიუტერები პრაქტიკული სარგებლობაში ხუთ-ათ წელიწადში გამოჩნდება.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
ის კვანტური ტექნოლოგიების განვითარების ამჟამინდელ ეტაპს 2010-იან წლების ხელოვნური ინტელექტის მდგომარეობას ადარებს, როცა კომპანია Google Brain-ზე მუშაობდა და პირველ წარმატებებს აღწევდა.
მთავრობები, განსაკუთრებით, აშშ და ჩინეთი, ასევე, კორპორაციები კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს დებენ. კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გაზარდონ მონაცემთა დამუშავების სიჩქარე და მოცულობა, რაც შესაძლებელს გახდის უაღრესად რთული სისტემების მოდელირებას, უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთებასა და დაშიფვრის თანამედროვე სისტემების გატეხვას.
ამჟამად ტექნოლოგია, ძირითადად, კვლევებისთვის გამოიყენება და ექსპერტები მისი პრაქტიკული დანერგვის ვადებზე კამათობენ. მაგალითად, Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგს მიაჩნია, რომ „მეტად სასარგებლო“ კვანტური კომპიუტერები მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება.
თუმცა სუნდარ პიჩაი მას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „კვანტურ სფეროში პროგრესი ნამდვილად ამაღელვებელია.“
ცნობისთვის: 2024 წლის დეკემბერში Google-მა გამოაცხადა, რომ მისმა ახალმა კვანტურმა კომპიუტერმა, Willow-მ ხუთ წუთზე ნაკლები დრო მოანდომა მათემატიკური გამოთვლების შესრულებას, რომლებსაც მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერი 10 სეპტილიონი წლის განმავლობაში ვერ შეასრულებდა. კომპანიის შემდეგი მიზანია, პირველი სასარგებლო გამოთვლა შეასრულოს, რომელიც კლასიკური კომპიუტერების შესაძლებლობებს გასცდება და რეალურ სამყაროში ექნება გამოყენება. Google იმედოვნებს, რომ ისეთ ალგორითმებს შექმნის, რომლებიც კლასიკური სისტემებისთვის მიუღწეველი და კომერციული ღირებულების იქნება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ