მთლიანად შეიცვლება რუსთაველის გამზირი. იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული“,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
„როგორც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებების, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც პირველი, რასაც გავაკეთებთ არის კომუნიკაციების სრული მოწესრიგება, მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, განათების ახალი ბიძებით, თავისი ლედ სანათებით, მიწისქვეშა ურნები იქნება განთავსებული. მთლიანად შეიცვლება რუსთაველის გამზირი. იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ეფექტური და ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშაოები დამთავრდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით მხოლოდ, მოხდება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაც, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე იქნება ძეგლებზე მუშაობა. ეს რამდენიმეწლიანი პროექტია. გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადები, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები“,- განაცხადა კახა კალაძემ.