საქართველოში ნახატების იმპორტი 20 000-ჯერ, ქანდაკებების 755.5-ჯერ გაიზარდა - საიდან შემოვიდა ძვირადღირებული ქონება

საქართველოში ნახატების იმპორტი 2 004 057%-ით, ხოლო ქანდაკებების 75 387%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველოში 481.080 მლნ აშშ დოლარის სურათები და ნახატები შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში მხოლოდ 24 000 აშშ დოლარის.

რაც შეეხება ქანდაკებებს, სტატისტიკის თანახმად, წელს იანვარში ქვეყანაში 33.398 მლნ აშშ დოლარის ძვირადღირებული საქონელი შემოვიდა, წინა წლის იანვარში 44.2 ათასი აშშ დოლარის.

მონაცემების მიხედვით, წელს იანვარში ნახატებისა და სურათების ყველაზე დიდი რაოდენობით გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან არის იმპორტირებული. კერძოდ:

  • გაერთიანებული სამეფო - 252.703 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 227.958 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 417.5 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება ქანდაკებებს, აქაც ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდა და ასევე, ვირჯინიის კუნძულებიდან შემოვიდა.

უფრო კონკრეტულად:

  • აშშ - 30.663 მლნ აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 2.051 მლნ აშშ დოლარი
  • ვირჯინიის კუნძულები, ბრიტანეთი - 580.4 ათასი აშშ დოლარი

აღნიშნული იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქონების საქართველოში გადმოტანას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესების ოფშორებიდან საქართველოში გადმოფორმება დაიწყო. ასევე რამდენიმე დღის წინ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რომ ივანიშვილმა საქართველოში საკუთარი ნახატების შემოტანაც დაიწყო.

იხილეთ ასევე: „დაიწყო ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში“ - იანვარში 480 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში

იანვარში გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი 2 365%-ით გაიზარდა

ნინი ქეთელაური