„ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად მარტივია ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „გირჩი ტვ“-სთან განაცხადა.
მისი თქმით, მას სასამართლო ბიზნესის კეთებაში ხელს არ უშლის.
„მე ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ომი არ ყოფილა, არ მითხრათ გაცვეთილი თემააო. ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად მარტივია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის სასამართლო ბიზნესის კეთებაში. ხალხს მიეცა საშუალება, ფული გამოაჩინონ.
ომი არ გვქონია, ეკონომიკური განვითარება გვაქვს, არავინ მე არ მიჭერს, შემიძლია ვილაპარაკო რაც მინდა.
12 წელია ბიძინა ივანიშვილი ავირჩიე, ეკონომია ამიყვავა, სასამართლო არ მაწუხებს, გამხადა კანდიდატი... არა ვართ, ხალხო, ღარიბები, ცრუ ნარატივია რომ ღარიბები ვართ... 25 ათასი დოლარი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე. ეს არ არის ღარიბი ქვეყანა“, - ამბობს რუხაძე.
საპასუხოდ პოლიტიკოსმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ეფექტით, რამაც გამოიწვია საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა და ბაზრის გააქტიურება, მეორე მხრივ კი, ომმა გაზარდა საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, რაც აისახა ეკონომიკის ზრდაში. რაქვიაშვილმა რუხაძეს სთხოვა დაესახელებინა ამ ეფექტის გარდა ერთი რეფორმა მაინც, რაც გაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და რამაც ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი. ამაზე რუხაძემ უპასუხა:
„ოცნებამ გააკეთა ის რეფორმა, რომ ხელს არ მიშლიან საერთოდ, რომ რაც მინდა ის გავაკეთო“, - აღნიშნა რუხაძემ.