სპორტის მინისტრმა „სანატორიუმი ლიკანი“ სპორტის ყოფილ მინისტრს მიჰყიდა - როგორია ქონების ღირებულება

კულტურისა და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ „სანატორიუმი ლიკანის“ 288 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უძრავი ქონება სპორტის ყოფილ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს მიჰყიდა.

კერძოდ, მთავრობამ გასული წლის 18 ოქტომბერს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარდგენის შემდეგ, შალვა გოგოლაძის საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „რაიმონდს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანი“ 16 283 293 ლარად გადასცა. იმ დროისთვის გოგოლაძე „რაიმონდის“ წილის 50% ჰქონდა, წილების მმართველად კი მისი მეუღლე, თამარ ფირცხალავა იყო მითითებული.

შპს „რაიმონდის“ სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 2025 წლის 31 იანვრის ამონაწერის მიხედვით, შეიცვალა კომპანიის მეწილეები. კერძოდ, განახლებული მონაცემებით, წილების 100%-იანი მფლობელი შპს „იბერია აზც ორბი“ გახდა. ამ უკანასკნელის დირექტორი სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სლოვაკეთის მოქალაქე რობერტ სპისაკი არიან. წილების ნახევარს სს „აზც“ ფლობს, მეორე ნახევარს კი შპს „სლოვაკ ბიზნეს ჰაუსი“.

თავის მხრივ „სლოვაკ ბიზნეს ჰაუსის“ 70% „იბერია ინვესტი 2024“-ის საკუთრებაში. „იბერია ინვესტი 2024“-ის მეწილეები კი ხეჩიკაშვილის ოჯახის წევრები - ეკატერინე ინასარიძე (50%), დავით ხეჩიკაშვილი (20%), გიორგი ხეჩიკაშვილი (10%), თამარ ხეჩიკაშვილი (10%) და რუსუდან ხეჩიკაშვილი (10%) არიან.

მერი ტაბატაძე