მომხმარებელთა მიერ ენერგო სფეროსთან დაკავშირებული განაცხადების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მოქალაქეები ენერგოომბუდსმენს დენისა და წყლის საკითხში მიმწოდებელთან დაკავშირებული პრობლემებით, გაზის შემთხვევაში კი მეტი გადასახადის გამო მიმართავენ.
სეზონიდან გამომდინარე, აქტუალური ბუნებრივი აირის საკითხი. მომხმარებელთა ნაწილმა გაზრდილი გადასახადის გამო განაცხადი უკვე დააფიქსირა. ენერგოომბუდსმენმა ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა რამდენიმე მიზეზი, რამაც აღნიშნული განაპირობა.
„მომხმარებლებს ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ბუნებრივი აირის მეტი გადასახადი იყო გამოწვეული გაზის ტარიფების ზრდით. ეს გამოვრიცხეთ იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და გადასახადი მომხმარებელს ძველი ტარიფით ერიცხებათ. მოქალაქეთა მომართვის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა იმისა, თუ რა გახდა მიზეზი გაზრდილი გადასახადების.
იანვარი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე მრავალი დღესასწაულით, ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში სახლში იმყოფებიან, მეტი მოსდით გადასახადი. ამას ემატება ისიც, თუკი კომპანიამ რამდენიმე დღით გვიან აიღო ჩვენება და 30-დღიანი პერიოდი ირღვევა. ეს ფაქტორები გარკვეულ ეტაპზე გაზრდილ გადასახადებს იწვევს“, - აღნიშნავს გულეიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საჭირო გახდა ინდივიდუალური მოკვლევა. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ დაზიანებული იყო გაზის მრიცხველები.
„გვქონდა რამდენიმე ცალკეული შემთხვევა, როცა ინდივიდუალური შესწავლა დავიწყეთ და ვნახეთ რომ მრიცხველი, რომლითაც ხდებოდა დარიცხვა, იყო დაზიანებული. ლაბორატორიული დასკვნით დადასტურდა, რომ მრიცხველი იყო უვარგისი მოხმარებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა აღრიცხვიანობის მოშლაც.
თუმცა, არის შემთხვევები, რომლებიც შევისწავლეთ და არ დადასტურდა მრიცხველის ცდომილება. იქ აღრიცხვიანობა იყო 2-3 დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად, გადასახადის დაკორექტირების საშუალება არ გვაქვს. როდესაც მრიცხველია დაზიანებული, ვმსჯელობთ დაკორექტირებაზე, თუმცა, ჯერ ეს საკითხი დასრულებული არ გვაქვს“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.