რა შემთხვევაშია საჭირო ავტოსკოლის დოკუმენტის წარდგენა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, რიგ შემთხვევებში, გამოცდაზე ავტოსკოლის დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების (ავტო სკოლის) მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა, თუ დაინტერესებულ პირს სურს გავიდეს გამოცდაზე და მიიღოს: C, D, BE, CE, DE, T, S კატეგორიის ან/და C1, D1, C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის უფლება.

გარდა ამისა, სააგენტო განმარტავს, რომ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში ან საჯარო სკოლაში შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭიროა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ B კატეგორიის ან/და B1, A1 ქვეკატეგორიის მართვის უფლება.

ცნობისთვის, კატეგორიების განმარტება ასეთია:

  • C კატეგორია - ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • D კატეგორია - ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
  • BE კატეგორია - B კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
  • CE კატეგორია – C კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
  • DE კატეგორია - D კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
  • T კატეგორია - სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
  • S - საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან.

ქვეკატეგორიები:

  • C1 ქვეკატეგორია - ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • D1 ქვეკატეგორია - მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • C1E - „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
  • D1E - „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

18 წლამდე პირებზე მართვის მოწმობის გასაცემად ასევე სავალდებულოა ავტოსკოლის მოწმობის წარდგენა, შემდეგი კატეგორია/ქვეკატეგორიებისთვის:

  • B - მსუბუქი ავტომობილი,
  • B1 - მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
  • A1 - მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი).
ნინი ქეთელაური