ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 15:30 საათზე მსოფლიოს ბირჟებზე ოქროს ფასი უნციაზე 2 953 დოლარს შეადგენს. Gold Prices-ის მონაცემებით, თვის ჭრილში ოქრო 16%-ით, ხოლო ერთი წლის ჭრილში 44%-ით არის გაძვირებული.
ოქროს ფასის ზრდას წინ უძღოდა მზარდი სავაჭრო დაძაბულობა. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე 25%-იანი გადასახადის დაწესებით. ამასთანავე, ტრამპმა დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესება, რაც ბირჟებზე გაურკვეველ გარემოს ქმნის.
გლობალური ბაზრების პარალელურად, ფასი იზრდება საქართველოშიც. „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გრამი სუფთა ოქროს ფასმა 265 ლარს მიაღწია. მოვაჭრეების ცნობითვე, ძვირფასი მეტალის გაძვირების ფონზე, შემცირდა მოთხოვნა.
„მივდივართ სახლში, დილით მოვდივართ ბირჟაზე და ოქრო უკვე გაძვირებულია. 265 ლარი ღირს გრამი სუფთა ოქრო. მომხმარებელი შეგვიმცირდა - ამხელა ფასი რომ ექნება ოქროს, თავისთავად, ძალიან მცირდება მოთხოვნაც.
პირველი შემთხვევაა, როცა ოქროს ეს ფასი აქვს, ამხელა ფასი არასდროს ჰქონია. თუმცა, ჩვენ ვართ დამოკიდებული მსოფლიო ბირჟებზე, იქ რა ფასიც დადგინდება, ჩვენც იგივე ფასით ვმოქმედებთ ოქროს ბირჟაზე“, - განაცხადა ოქროს ბირჟის მოვაჭრემ.