საქართველოს ბაზარზე გაზაფხულიდან ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის. კერძოდ, მარტის ბოლოდან ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას British Airways-ს, Transavia France-ი, easyJet-ი და Edelweiss-ი.
უფრო კონკრეტულად, 30 მარტიდან იწყებს ფრენებს British Airways-ი. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი ეკონომ კლასისთვის 114 ევრო, ხოლო ბიზნეს კლასისთვის საშუალოდ 406 ევრო იქნება.
ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით იწყებს ფენებს. პირდაპირი რეისები ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. ბილეთის ფასი კი მიმართულებების მიხედვით საშუალოდ, 34-180 ევროს ფარგლებში იქნება. მაგალითად, ავიაკომპანიია ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, თბილისი-მილანის ავიარეისზე ბილეთების ფასი მინიმუმ 34 ევრო იქნება, მაქსიმუ კი 104 ევრო.
9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ბილეთის საშუალო ფასი 153 ევროს შეადგენს.
ამასთანავე, 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისი-ციურიხი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. რაც შეეხება საფასურს, 1 გზის ფასი საშუალოდ 190 ევროდან 450 ევროს ფარგლებში მერყეობს.