ვინ არის რუსი მილიარდერი, რომელიც პუტინმა ტრამპთან მოლაპარაკებების გუნდში შეიყვანა

მილიარდერი, დიმიტრი რიბოლოვლევი, რომელიც მონაკოში ცხოვრობს და დასავლეთის სანქციები არ ეხება, საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციაში შედიოდა.

ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

შეხვედრის ფოტომასალაში 58 წლის რიბოლოვლევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და პუტინის მრჩეველ იური უშაკოვთან ერთად ერ-რიადის დირიას სასახლეში ჩანს.

ჯერ უცნობია, თუ რა როლი დააკისრა კრემლმა რიბოლოვლევს, თუმცა მილიარდერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირდაპირი გარიგებების გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2008 წელს მან ტრამპისგან პალმ-ბიჩის მამული 95 მლნ დოლარად შეიძინა. თანხის ეს ოდენობა იმ დროისთვის ფლორიდის უძრავი ქონების ბაზარზე რეკორდული იყო. რიბოლოვლევთან გარიგებამ ტრამპს საშუალება მისცა, დაახლოებით, 40 მლნ დოლარის მოგება მიეღო, რადგან თავად მან მამული 2004 წელს 41,3 მლნ დოლარად იყიდა.

ვინ არის დიმიტრი რიბოლოვლევი?!

პერმში დაბადებულმა რიბოლოვლევმა თავისი ქონება 1990-იანი წლების პრივატიზაციის დროს დააგროვა, როცა ის მსოფლიოში კალიუმის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ “ურალკალს” დაეპატრონა.

2011 წელს რიბოლოვლევმა თავისი წილი მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის საკუთრებაში არსებულ სტრუქტურებს 5 მლრდ დოლარად მიჰყიდა, რის შემდეგაც შვეიცარიიდან მონაკოში გადავიდა.

მონაკოში მან ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი შეიძინა, ასევე, ფერწერაში ინვესტიციების ჩადება დაიწყო და უძრავ ქონებაზე ექსტრავაგანტულ გარიგებებს დებდა. მაგალითად, რიბოლოვლევმა ჰავაიზე ჰოლივუდის ვარსკვლავ უილ სმიტის სახლი 20 მლნ დოლარად შეიძინა, ასევე, საბერძნეთში ორი კუნძული 100 მლნ დოლარი იყიდა, რომლებიც ადრე მილიარდერ არისტოტელ ონასისს ეკუთვნოდა.

რუსეთის 125 მილიარდერის Forbes-ის 2024 წლის რეიტინგში დიმიტრი რიბოლოვლევმა 28-ე ადგილი დაიკავა. მისი სუფთა ქონება 6.4 მლრდ დოლარად იქნა შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ