ჩვენ ვერ გავექცევით რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს. დღეს თუ არა ხვალ ეს დადგება. რაც ადრე, ჩემი აზრით, უკეთესიცაა - ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი თავის თავის ადამიანია. მხოლოდ საკუთარ ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავს და სახელმწიფო ინტერესი მისთვის მეასეხარისხოვანია - პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები, ასეთი რამ ამ ხელისუფლების პირობებში არ გამიგია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანია „რადიო თავისუფლების“ პოდკასტ „2150-ში“ სტუმრობისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მას დღევანდელ საქმიანობაში ხელისუფლებისგან შეფერხება არ ჰქონია.

ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, რაც მალე დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი, უკეთესია.

„ჩვენ ვერ გავექცევით რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს. დღეს თუ არა ხვალ ეს დადგება. რაც ადრე, ჩემი აზრით, უკეთესიცაა. როგორც ვატყობ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რუსეთის საშუალო დონის ჩინოვნიკებთან საუბარი და არა პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ მათთან გვჭირდება, ჩვენს პარტნიორებთან ერთად პოლიტიკურ დონეზეც საუბარი და ურთიერთობა იმიტომ, რომ გავიგოთ რა რესურსი აქვს ამ ურთიერთობას. უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების სია. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. სია უნდა იყოს ზურგგამაგრებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისინიც იზიარებდნენ, რომ საქართველოს მიმართ სწორედ ასეთი უსაფრთხოების გარანტიების მიცემით შეიძლება დავიწყოთ საუბარი რუსეთთან და შემდეგ უნდა შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ აძლიერებ საქართველოს უსაფრთხოებას, როცა ტრადიციულ პარტნიორებს, ვინც გამაგრებდნენ, უსაფრთხოების, თავდაცვის კუთხით შენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდნენ, იმათთან აფუჭებ ურთიერთობას და ერთი-ერთზე რჩები რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი ნაბიჯები. რაც მოხდა 2012 წელს, ეს ცვლილებები უნდა მომხდარიყო. იმ პარტნიორობას, რომელიც მაშინ მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, არ ვნანობ და არ გადავუსვამ ხაზს. მგონია, რომ ეს ადამიანი თავის თავის ადამიანია. მხოლოდ საკუთარ ფინანსურ ინტერესებზე ზრუნავს და სახელმწიფო ინტერესი, ქვეყნის ინტერესი, მისთვის მეასეხარისხოვანია. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დადგა ის შედეგი, რაც დადგა.

[დღევანდელ ჩემს საქმიანობაში] მე არანაირი შეხება არ მქონია ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ არ მჭირდება. ჩვენ, მე და ჩემი პარტნიორები, სახელმწიფოსგან არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ ბიზნესისთვის სამართლიანი გარემო იყოს. ყველაფერი, რაც შევიძინეთ, არის კერძო, კერძო ხალხისგან შეისყიდეს ჩემმა პარტნიორებმა. მთავრობასთან, სახელმწიფოსთან არანაირი შეხება არ გვქონია და უნდა ვაღიარო, რომ აქამდე არანაირი შეფერხებაც არ გვქონია ჩვენს საქმიანობაში. ჩემთვის, წინა ხელისუფლების პერიოდში, რაიმე ბიზნესაქტივობების განხორციელება იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი. ვამბობ, სააკაშვილის პერიოდში. მე დღეს არანაირი წინაღობა არ მხვდება, ვერ მოვიტყუები. ვინ რა გარიგებაშია შესული, ჭორებზე საუბარს ვერ დავიწყებ. მე არავისთან არ ვარ გარიგებაში შესული. ვარ აბსოლუტურად თავისუფალი გადაწყვეტილებებში.

გარიგებები, ალბათ, არის. არ ვარ ის ადამიანი, ჭორებზე ვისაუბრო. მაგრამ ასეთი პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრების გადაფორმება, პოლიციასა და პროკურატურაში ბიზნესმენების დაბარებები და საკუთრებების წართმევა, ასეთი რამ ამ ხელისუფლების პირობებში არ გამიგია“,- განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები.

„ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები, ეს არის გარდაუვალი. თუმცა მგონია, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა აქტორებმა აქცენტი ადგილობრივ არჩევნებზეც უნდა გააკეთონ. ჩემი აზრით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა“,- განაცხადა ალასანიამ.