„წელს განსაკუთრებით ცუდი ზამთრის სეზონია - ტურისტული ჯავშნები შემოდგომის შემდეგ არ არის“ - როგორია სეზონი კახეთში

კახეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 9 თვეში 1.2 მილიონ ტურისტულ ვიზიტზე მეტი განხორციელდა. რეგიონის წილი ქვეყნის მთლიან ვიზიტებში 8%-ს უტოლდებოდა. უფრო ჩაშლილად, კახეთში ვიზიტების უდიდესი ნაწილი თელავზე მოდიოდა და მისი წილი კახეთის ვიზიტებში 20%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში მხოლოდ თელავში 236 810 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 96 829 ვიზიტი განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი კახეთში და რა დატვირთვით მუშაობენ ადგილობრივი სასტუმროები.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თელავი ინნ“-ში განუცხადეს, ამჟამად სასტუმროში დაბალი დატვირთულობაა.

„ნაკლებად დატვირთულია სასტუმრო. ტურისტული ჯავშნები არის მომავალი თვეებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადად ადგილობრივები არიან“, - განუცხადეს BPN-ს თელავი ინნ“-ში.

დაბალი დატვირთულობით მუშაობს ამ სეზონზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მდებარე „სეროდანიც“. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრატორმა ნატალი იოსებაშვილმა განუცხადა, წელს სასტუმროს განსაკუთრებით ცუდი ზამთრის სეზონი აქვს.

„ძალიან ცუდი სეზონია, დატვირთულობაც არ არის, საშუალოზე უფრო დაბალია. ზამთარი საერთოდ სასტუმროებისთვის ასეა ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებით ცუდი ზამთრის სეზონია“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

სასტუმროს აქვს მოლოდინი, რომ მარტიდან ჯავშნების რაოდენობა და დატვირთულობა გაიზრდება.

„ვფიქრობ, რომ მარტიდან მოიმატებს ჯავშნები და დატვირთულობა გაიზრდება. ტურისტული ჯავშნები დაახლოებით შემოდგომის შემდეგ არ არის. ადგილობრივები იყვნენ ძირითადად, თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა უცხოელებიც არიან, ძირითადად ბულგარეთიდან და რუსეთიდან“, - განაცხადა ნატალი იოსებაშვილი.

კარგი დატვირთვით მუშაობს „ვილაჯიო მირზაანი რეზორტი“. როგორც ტურისტული ობიექტის მენეჯერი ნინო იაკობიშვილი BPN-თან აცხადებს, სასტუმროში დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.

„საშუალოდ ამ ეტაპზე კარგი დატვირთვა აქვს სასტუმროს, მაგრამ არა უცხოელი დამსვენებლის მხრიდან, უფრო ადგილობრივი დამსვენებელი გვყავს ამ სეზონისთვის. გვყავს უცხოელებით, თუმცა, არა იმ რაოდენობით როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. მომავალი თვეების ჯავშნები გვაქვს, მაგალითად მარტსა და მაისში, მოლოდინებიც კარგი გვაქვს“, - განაცხადა ნინო იაკობიშვილი.

მერი ტაბატაძე