„მხოლოდ ფასნამატს რატომ ვუყურებთ? - 2024 წელს საქართველოში საწვავის ღირებულება თანხვედრაში იყო მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან“

„2024 წლის განმავლობაში საწვავის ფასზე ცვლილება სტაბილურად 30-50 თეთრის ფარგლებში მერყეობდა“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.

„კონკურენციის ხარისხს როცა ვაფასებთ, ვუყურებთ იმპორტირებული საწვავის ფასის ფორმირებას მსოფლიო ფასით. მთლიანობაში 2024 წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საწვავის ღირებულება თანხვედრაში იყო მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან.

ჩვენ გამოვყავით ზაფხულის პერიოდი, როდესაც იმპორტის თვითღირებულებამ კლება დაიწყო, თუმცა ფასების საცალო ბაზარზე ასახვა მოხდა სადღაც სექტემბერში. ჩვენი სურათით 2-დან 5 კვირამდე არის ის პერიოდი, როდესაც მარაგების და სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით უნდა მოხდეს იმპორტის თვითღირებულების შემცირების და მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ასახვა ადგილობრივ საცალო ბაზარზე.

ჩვენ შუალედურში ვნახეთ, რომ სექტემბერში დაგვიანებულ ასახვას ქონდა ადგილი. აქ კი ბევრი ფაქტორი შემოდის, ერთია მარაგები, მეორე ტურბულენცია გარე ბაზრებზე, მესამე მოლოდინები კურსთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არგუმენტები ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა საპირწონე იმისა, რომ ჩვენ როგორც საბაზრო ფაქტორი, როგორც კომპანიების ბუნებრივი ქცევა ისე შეგვეფასებინა.

შესაბამისად, 2024 წლის განმავლობაში საწვავის ფასზე ცვლილება სტაბილურად 30-50 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. ამიტომ, მხოლოდ ფასნამატებს რატომ ვუყურებთ? ფასნამატების დინამიკაში კარგად ჩანს კოორდინაციის ხარისხიც“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მაგდა შენგელია