„შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის ჩაბარება" - იურისტი

„შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება", - ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საუბარია, აქციაზე დაწერილ ჯარიმებზე, რომელთა ადრესატებმაც, როგორც იურისტი განმარტავს ამის შესახებ არც კი იციან.

„ბიზნესპრესნიუსი" ნიკა სიმონიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ყველას გააგებინეთ! შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება.

გზის გადაკეტვაზე ორი შემთხვევა ვნახე უკვე და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას მასობრივად მიმართავენ. არც ერთ შემთხვევაში არ მიუტანიათ ფოსტით ან პირადად, ისე გამოაქვეყნეს ოქმები, ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა.

„ოცნების" კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება. რადგანაც არც კონსტიტუცია ადარდებთ და არც საკუთარი ფორმალური წესები.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

www.protocols.ge-ზე აქვეყნებს შსს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული. თუ თქვენი ჯარიმაც იპოვეთ საიტზე, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გვეთვლება ოქმი ჩაბარებულად.

ჩაბარებიდან 10 დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ, ასე მის აღსრულებას და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას გააჩერებთ," - წერს იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ნინი ქეთელაური