„ისეთი მოთხოვნაა პროდუქტზე, რომ ბევრი რამ მარაგში უკვე აღარ გვაქვს - ნერგებით მთელ საქართველოს ვამარაგებთ“

რამდენიმე წლის წინ გიორგი მასურაშვილი ჩვენი გაზეთის სტუმარი იყო და ფსტის შესახებ გვესაუბრებოდა. მაშინ ეს საქართველოში შედარებით ახალი და უცხო კულტურა იყო, თუმცა მის სანერგეში უკვე აქტიურად იწარმოებოდა. დღეს გიორგი მასურაშვილი წარმატებული ფერმერია და ფსტის ნერგების გარდა, მის მეურნეობაში ბევრი დასახელების ნერგი გამოჰყავთ. "სხვა ნერგებს თავი რომ დავანებოთ, წლეულს მარტო ბალი გვაქვს 20 000 ცალი, ყველაფერი ერთად კი 50 000 ნერგი იქნება", - გვეუბნება ფერმერი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ნერგებით ამარაგებს.

გიორგი მასურაშვილი:

- სანერგე საქმიანობა 2011 წელს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, ნერგები გვეწარმოებინა და ჩვენი პროდუქტი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ნერგები 3 ჰექტარზე გამოგვყავს და მთელ საქართველოს ვამარაგებთ. გვაქვს გამწვანების, ხეხილის, მარადმწვანეების, დენდრონების, კაკლოვნების ნერგები, - მოთხოვნა დიდია. ჩვენი სანერგე მეურნეობა ქარელის რაიონში, ზემო ხვედურეთშია.

ამ საქმისთვის მთავარი და აუცილებელი რაც არის, უნდა იყო მიზანდასახული, საქმე გიყვარდეს, დანარჩენი თავისით მოდის. თავიდან გამოცდილება არ მქონდა და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი. საქმეს გულით რომ იწყებ, ის თვითონ გიჩვენებს გზას, რა უნდა გააკეთო. მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.

- რის ნერგებით დაიწყეთ?

- ვაზის ნერგებით დავიწყეთ, მერე ფსტის მივამატეთ, ხეხილი და სხვა დანარჩენი... ისეთი მოთხოვნაა პროდუქტზე, რომ ბევრი რამ მარაგში უკვე აღარ გვაქვს. სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი გაყიდვაში ძალიან გვეხმარება. მართალია, ზოგი ჯიში ამოიწურა, თუმცა ხეხილი, კაკლები და კენკროვანები გვაქვს.

- შემოტანილი ჯიშებია თუ ადგილობრივი?

- შემოტანილია საძირე და აქ ჩვენი დამყნობილია. გვაქვს როგორც ნახევრად ჯუჯები, ასევე ძლიერ საძირეზე გამოყვანილი. ჩვენს სანერგე მეურნეობაში საქმეს 10 კაცი ავუდივართ.

- ხეხილის ნერგები რით განსხვავდება სხვებისგან, რასაც აწარმოებთ და რას მოითხოვს ნერგების გამოყვანა?

- განსხვავდება სახეობებით, ჯიშებით, კლასიფიკაციით. ხეხილის გამოყვანა ასე იწყება: ვთესავთ კურკას, გამოგვყავს საძირე... ადგილობრივ საძირეზეა ლაპარაკი და არა შემოტანილზე. შემდეგ საძირე უნდა გადაირგოს, გაიზარდოს, დაიმყნოს, გაიფურჩქნოს... მთელი პროცედურებია, კურკის დათესვიდან ასე, სამ წელიწადში, ნერგის წაღება უკვე შეუძლიათ. ასევეა მარადმწვანეები. თესლს ვთესავთ, რომელიც მრავლდება, მასაც სამი წელიწადი უნდა, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ. ყველაფერს მოვლა უნდა, მორწყვა, გასხვლა, შეწამვლა, სასუქების შეტანა.

- ბიოპროდუქტს აწარმოებთ?

- ძირითადად ნაკელს ვხმარობთ, ცოტ-ცოტას გვარჯილას.

- მალე გაზაფხული მოვა. ახლა რა სამუშაოებია ბაღში? მოყვარულმა მებაღემ რა უნდა გააკეთოს?

- ახლა, ძირითადად, გასხვლა-დასუფთავების სამუშაოა ჩასატარებელი. მოყვარულმა მებაღემ ბაღი უნდა დაფოცხოს, დაასუფთაოს, ნასხლავი ბაღიდან გაიტანოს, ცოტა ხანში კი ბაღის მოხვნა-დაბარვაც დაიწყება, გააჩნია ფართობსა და მებაღის შესაძლებლობას, რისი საშუალებაც აქვს, იმას გააკეთებს.

- გასხვლას ცოდნა უნდა, ამ პროცედურაში რა არის მთავარი, რომ ხეხილი არ დააზიანოს?

- ზედმეტი ტოტები უნდა ამოაჭრას და მსხმოიარე დატოვოს, სამომავლო კვირტი არ უნდა დააზიანოს... ხშირად ამ შეკითხვით მოგვმართავენ, მათ ჩვენი პროფესიონალები, გამსვლელები ეხმარებიან, ცხადია, შესაბამისი ანაზღაურებით.

- ხეხილის ნერგი როდის უნდა დავრგოთ?

- შემოდგომიდან ირგვება, კარგია, თუ ზამთარს გამოივლის. შესაბამისად, გასულ შემოდგომას დავიწყეთ ნერგების გაყიდვა, ნოემბრის 20-დან, როცა ფოთოლცვენა დასრულდა. დარგვას მანამდე ვაგრძელებთ, სანამ კვირტი გაიღვიძებს. განაგრძეთ კითხვა: