"STOP ნიშანთან 5 წამი უნდა გაჩერდე" - რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ქუჩებში მართვის მოწმობის გამოცდაზე, არ ჩაიჭრათ

„რეალურ მოძრაობაში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე, ორი ბარიერი არსებობს, ერთი ექსპერტი რომელიც ავტომობილში ზის და აფასებს საკუთარი გადმოსახედიდან. მეორე კი, სენსორები, რომელიც ავტომობილზეა დამონტაჟებული,” - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ აცხადებს.

მელაძე გადაცემაში საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, გამოცდის იმ ნაკლოვანებებზე, რის გამოც მართვის მოწმობის გამოცდას ვერ აბარებენ. მანვე ისაუბრა რჩევებზე, რაც გამოცდის მომენტში უნდა გამოიყენოს პირმა.

„მართვის მოწმობის თეორიულ და მოედნის გამოცდაზეც არის შენიშვნები. თეორიულ ნაწილში კომპიუტერი, მეორე ნაწილში კი, პროგრამა რომელიც უნდა გაიარო, იმისთვის რომ გამოცდა ჩააბარო, მაგრამ ეს ვერ გაძლევს კვალიფიკაციას, რომ ჩამოყალიბებული მძღოლი ხარ, ამიტომ საჭირო გახდა ქალაქის ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში გამოცდა. ამ საკითხის აქტიური მომხრე ვიყავი, ოღონდ მე ვგულისხმობდი ისეთს, როგორიც არის სხვა ქვეყნებში. ცივილიზებულ სამყაროში, ნებისმიერი ინსტრუქტორი, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია, ზედმიწევნით ზუსტად 2 წუთში შეაფასებს, რამდენად არის ეს ადამიანი მზად იმისთვის, რომ მანქანა მართოს. რა ხდება ჩვენთან?!

ორი ბარიერი არსებობს, ერთი ექსპერტი რომელიც ავტომობილში ზის და აფასებს საკუთარი გადმოსახედიდან. მეორე კი, სენსორები, რომელიც ავტომობილზეა დამონტაჟებული და აფასებს, რამდენად სწორია მართვის მოწმობის პრეტენდენტის მოქმედება, რომელიც ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. რეალურად ერთი კომპიუტერს ეთამაშები, მეორე კი ექსპერტი ამბობს თავის დამოკიდებულებას და ამ ექსპერტის შეხედულებებს უნდა მოერგო, რადგან არ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ხდება პრეტენდენტის შემოწმება. ზოგ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის განწყობაზეც კი ხარ დამოკიდებული.

-მარტივი მაგალითით რომ ვთქვათ, ვინ დააწესა, რომ STOP ნიშანთან 5 წამი უნდა გაჩერდე? წამზომია სადმე ჩართული? კანონი გვეუბნება, რომ STOP ნიშანთან ნულამდე უნდა გავაჩეროთ სიჩქარე და შემდეგ დავიძრათ, არანაირი წამზომი აქ არ არსებობს, თუმცა, ინსტრუქტორი ითხოვს რომ 5 წამი გაჩერდე STOP ნიშანთან, იმ შემთხვევაში თუ ნულამდე გავაჩერეთ სიჩქარე და 5 წამიანი დაყოვნების გარეშე დავიძარით ინსტრუქტორმა შეიძლება უბრალოდ ჩამოგვსვას ავტომობილიდან.

მაგალითად, რუსთავში ბაზრობასთან არის დაღმართი. მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ავტომობილია გაჩერებული. თუ გამოცდის ჩაბარებისას პირმა მათ ახლო დისტანციაზე ჩაუარა, ინსტრუქტორმა შეიძლება ჩამოსვას მანქანიდან და უთხრას - შენ ისე ჩაუარე, რომ კარი არ გაიღებოდა მძღოლი, რომ გადმოსულიყო და შეიძლება დაჯახებოდიო. თუმცა, იქ სხვა სივრცე არც არის. სოლოლაკში, ავლაბარში, ვერაზე, სად არის იმდენი სივრცე რომ კარის გაღების ადგილი გქონდეს. მძღოლი რომელიც მართვის მოწმობას იღებს, პასუხისმგებელია უსაფრთხო გადაადგილებაზე, ეს არის მართვის მოწმობა და ინსტრუქტორმაც სწორედ ეს უნდა შეაფასოს, რამდენად ადეკვატურად იღებს მძღოლი გადაწყვეტილებას.

-რეალურ მოძრაობაში მართვის უფლების მოსაპოვებელ გამოცდაზე, არის კიდევ ერთ-ერთი ურთულესი შემთხვევა - „ზებრა“ გადასასვლელი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ქაოსურია ფეხით მოსიარულის მოძრაობა და გადაადგილება. საქართველოში მართვის მოწმობის პრეტენდენტი „ზებრა“ გადასასვლელთან ყველა შემთხვევაში უნდა გაჩერდეს, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ქვეითი უბრალოდ იდგეს და არ გადმოდიოდეს. რუსთავის მაგალითს თუ ავიღებთ, „ზებრასთან“ არის ავტობუსის გაჩერებაც და ქვეითები ავტობუსს ელოდებიან. ამ „ზებრასთან“ გამოცდის ხაზია. გამოცდის ჩამბარებელი ვალდებულია, რომ ამ შემთხვევაშიც გაჩერდეს. ვჩერდებით ადეკვატური დროით და როცა ვხედავთ ეს ადამიანი არ გადადის დავიძვრებით. აქ პრობლემა არის, რომ როცა პრეტენდენტი ჩერდება „ზებრასთან“ ამ დროს ის ელოდება, რომ ვინმე ეტყვის დაძვრაზე მაგრამ ეს ასე არ არის, ამ შემთხვევაში გამომცდელი მეგობრული არ არის, რაც ძალიან ცუდია.

-კიდევ ერთი შემთხვევა, რაზეც შეიძლება გამომცდელმა ჩაჭრას მოქალაქე უკავშირდება ასევე „ზებრა“ გადასასვლელს. როდესაც პრეტენდენტი უახლოვდება „ზებრას“ და ხედავს, რომ ფეხით მოსიარულე მოემართება „ზებრა“ გადასასვლელისკენ ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა რომ მას გარკვეული მანძილი აქვს გასავლელი „ზებრამდე“, შეიძლება პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს გამოცდის ჩამბარებელი თუ არ გაჩერდება. ამიტომ რადგან ის მოემართება ზებრა გადასასვლელისკენ აუცილებლად უნდა გაჩერდეს, მაგრამ თუ ავიღებთ საერთაშორისო გამოცდილებას ეს ასე არ არის. სკოლებშიც ასწავლიან, არ ვგულისხმობ ავტოსკოლებს, „ზებრასთან“ მოახლოების დროს ქვეითი უნდა დაყოვნდეს, ისევე როგორც ჩვენ მძღოლები STOP ნიშანთან. ისიც უნდა დარწმუნდეს რომ მანქანა არ მოდის და ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს „ზებრაზე“.

-კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება, გამოცდის პროცესში... ფეხით მოსიარულე, რომელიც ხედავს ავტომობილებს ისიც ყოყმანობს გადავიდეს თუ არ გადავიდეს, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში?! ყველა ვარიანტში ვდგავართ და ველოდებით ქვეითს, რადგან გადასვლა უნდა. მანქანები, რომც მოგვადგნენ სიგნალით ვივიწყებთ რომ გარე სამყარო არსებობს და უნდა დავიცვათ ეს წესები.

-ამასთან, გასათვალისწინებელია მაგისტრალზე გადაადგილება. ჩვენ ქვეყანაში არ არის მინიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშანი, ანუ თუ ვიღაც მიდის 60 კმ/სთ სიჩქარით და მე თუ ვარ უკიდურეს მარჯვენა ზოლში, დისტანციის დაცვით, მაშინ შემიძლია ამ 60კმ/სთ სიჩქარით გავყვე, მაგრამ გამოცდაზე ეს ასე არ არის. გამოცდაზე თუ გარკვეული მანძილი ამ ტემპით ვიარეთ და არ გავასწარით, ამ შემთხვევაშიც გვჭრიან, გვინდა თუ არ გვინდა გასწრება უნდა განვახორციელოთ, მაგრამ როგორ?! გასწრება უნდა განხორციელდეს მაგრამ არა გადაჭარბება, ნებისმიერი სიჩქარის გადაჭარბება გასწრების დროს ჩაჭრას გამოიწვევს. 15კ/სთ-იანი საპატიო სიჩქარე იმიტომაა, რომ გასწრების დროს მომატებული სიჩქარე განახორციელო, მაგრამ გამოცდის შემთხვევაში ასე არ არის, ამასთან თუ ჩვენ დაზღვეულ მანძილზე არ გვყავს უკან მომავალი ავტომობილი და ისე დავიწყებთ გასწრებას მაინც ჩაგვჭრიან. თან არ უნდა გადავაჭარბოთ სიჩქარეს, თან არ უნდა ჩამოვცდეთ დაბლა სიჩქარეს, ასე იდეალურად გაზომო „ფორმულა ერთშიც“ კი შეუძლებელია. ამიტომ არ არის იოლი ამის გაკეთება.

-კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ხდება მართვის მოწმობის პრეტენდენტის ჩაჭრა, არის როცა შენელების ზოლში გადმოვდივართ ანუ გასწრება განვახორციელეთ ან ასახვევთან მივედით, მინიმუმ სიმულაცია უნდა გავაკეთოთ რომ მივიხედ-მოვიხედეთ, რეალურად სარკეები აქვს ავტომობილს და ჩვენ სარკეებით ვაკონტროლებთ ყველაფერს, თუ გზაჯვარედინს მივადექით გვერდზე გავიხედავთ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ამას ინსტრუქტორიც ხედავს, მაგრამ არის ასეთი დაუწერელი მოთხოვნებიც, თუ გავცდით ამ მონაკვეთს კიდევ ერთხელ თავი უნდა შემოვატრიალოთ სიმბოლურად მაინც, რომ ვაკონტროლებთ მონაკვეთს, თუ არადა ესეც შეიძლება პრობლემა გახდეს. სხვადასხვა გამომცდელს, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, რომელიც არცერთ კანონში არ წერია,“ - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

მაგდა შენგელია