ქართული კარტოფილის ექსპორტი 32-ჯერ გაიზარდა - მთავარი ბაზარი რუსეთია

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2025 წლის იანვარში ქვეყნიდან 4.573 მლნ დოლარის ღირებულების 16 588 ტონა კარტოფილი გავიდა. ეს კი 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი)

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვართან შედარებით, წელს კარტოფილის ექსპორტი 32-ჯერ, 3 160%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, შარშან იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტიდან შემოსავალმა მხოლოდ 140.25 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ქართული კარტოფილის 65% რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზე - 28%-ით აზერბაიჯანია, მესამეზე კი სომხეთი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-3 ქვეყანას, სადაც 2025 წლის იანვარში ქართული კარტოფილი გავიდა:

  • რუსეთი - 2. 977 მლნ დოლარის 7 613 ტონა (საშუალო ფასი კილოგრამზე 40 ცენტი)
  • აზერბაიჯანი - 1.312 მლნ დოლარის 7 688 ტონა (საშუალო ფასი კილოგრამზე 17 ცენტი)
  • სომხეთი - 226.17 ათასი დოლარის 1 047 ტონა (საშუალო ფასი კილოგრამზე 21 ცენტი)

ამასთან, ქართული კარტოფილი მცირე რაოდენობით გავიდა შემდეგ ქვეყნებში - ყაზახეთი, მოლდოვა, თურქმენეთი და უზბეკეტი.