„თხევად გაზზე ფასები უახლოეს დღეებში კვლავ მოიმატებს“ - რამ გამოიწვია გაძვირება

„საავტომობილო თხევადი გაზზე, ფასები უახლოეს დღეებში კვლავ გაძვირდება“, - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

შენგელია აღნიშნავს, რომ ფასების მატება განპირობებულია მეტეოროლოგიური პირობების გამო თხევადი გაზის ტრანზიტის შეფერხებით. მისი თქმით, ფასების მატება, სავარაუდოდ, 10 მარტამდე გაგრძელდება.

„ლარსის საბაჟოსთან რთული მეტეო პირობების გამო, გზებზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. თხევადი გაზით დატვირთული ავტოტრანსპორტი დროულად ვერ ახერხებს გადმოსვლას. სატვირთო გაზმზიდს არც ეგრეთწოდებული სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი ატარებს თავის ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით. მხოლოდ ამ ფაქტორებს გამო უკვე მოიმატა ფასებმა თხევად საწვავზე და უახლოეს დღეებში კვლავ მოიმატებს.

ბაზრის ეს სექტორი რომ ძალიან მგრძნობიარეა და ფასების ცვლილებაზე ელემენტარული მეტეო ფაქტორებიც მოქმედებს, ეს არახალი უნდა იყოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ასევე თხევადი გაზის ასოციაციისათვის, რომელიც ვითომდა მომხმარებელთა და იმპორტიორთა ინტერესებს იცავს.

გამოსავალი არაერთხელ გვითქვამს, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სახელმწიფო ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება პრობლემების დროს ოპერატიული ჩარევითა და საკითხების გადაწყვეტით.

ფასები კი როგორც გითხარით ყოველ დღე მოიმატებს და სავარაუდოდ ეს 10 მარტამდე გაგრძელდება“, - წერს ნიკა შენგელია.

მერი ტაბატაძე