„საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები ქვევით არ წამოვა“ - როგორია ბაზარზე მოლოდინები

„საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები არის სტაბილური, ქვევით არ წამოვა; თუ ფასები გაიზრდება, ეს ზრდა იქნება მცირე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Broker.ge-ს დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ ბაზრისთვის ფასების სტაბილური შენარჩუნება ოპტიმალური გამოსავალი იქნება. ინაშვილის თქმით, ფასების მკვეთრი ზრდა თუ მოხდა, პროცესს თან უნდა ახლდეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც.

„ფასების შენარჩუნება იქნებოდა კარგი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან; კარგი იქნება თუ მკვეთრად აღარ გაიზრდება ფასები, რადგან უძრავი ქონების ფასების ზრდას უნდა მოჰყვეს საშუალო სეგმენტში ხელფასების მომატება, ან ქვეყანაში უნდა შეიქმნას დოვლათი, რომელიც ადამიანების ჯიბეზე აისახებოდა.

თუ ფასი გაორმაგდება და პირობითად იქნება 5000 დოლარი კვადრატულზე, ვინ გადაიხდის? ვინმე არის ბაზარზე ადგილობრივი ამას რომ შესწვდება? საშუალო სეგმენტის მოქალაქე ამას ვერ გადაიხდის! შესაბამისად, თუ გაიზრდება უძრავი ქონების ფასები, უნდა მიჰყვეს ამას ცხოვრების დონის აწევა, ხელფასების ზრდა, დოვლათის შექმნა.

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გვქონდეს ისრაელის, ნორვეგიის ფასები, მაგრამ უძრავი ქონების ფასების ზრდას უნდა მიჰყვეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტის აწევა, რათა ფასებს დავეწიოთ“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.

მერი ტაბატაძე