რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს გერმანიასთან, სადაც საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნა და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება.

BBC-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს და შესაბამისად, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერი გახდება. წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი - ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს გერმანიასთან, როგორია ბრუნვა, იმპორტი და ქართული პროდუქციის ექსპორტი. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ აღნიშნულ ინფორმაციას:

რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს გერმანიასთან

2025 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, აქედან 68 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გერმანიაზე მოდიოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიის წილი საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვაში 3.4%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვართან შედარებით, ბრუნვა 21%-ით არის შემცირებული. ასე მაგალითად, გასული წლის პირველ თვეში სავაჭრო ბრუნვა გერმანიასთან 87 მილიონ დოლარს აჭარბებდა. მონაცემები სამ წლიან მინიმუმს აჩვენებს.

საქართველოს გერმანიასთანაც უარყოფითი სალდო აქვს. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში განხორციელებული იმპორტი ადგილობრივ ექსპორტს თითქმის 12-ჯერ აღემატება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში 62.6 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, ქართული პროდუქციის ექსპორტმა კი 5.2 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბრუნვაში შემცირება, მეტწილად განპირობებული იყო იმპორტის კლებით. მაგალითად, წელს იანვარში წლიურად 24%-ით შემცირებას აჩვენებს იმპორტი. თუ გასული წლის იანვარში ჯამში 82.56 მლნ აშშ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში მაჩვენებელი 62.6 მლნ დოლარამდეა შემცირებულია.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 5 ძირითადი იმპორტირებული პროდუქცია ასე გამოიყურებოდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 19.3 მილიონი აშშ დოლარის 352 ერთეული;
  • სამკურნალო საშუალებები - 8.82 მილიონი აშშ დოლარის 60 ტონა;
  • სატვირთო ავტომობილები - 3.5 მილიონი დოლარის 425 ერთეული;
  • სამედიცინო მოწყობილობები - 1.54 მილიონი დოლარის 6.5 ტონა;
  • ნავთობპროდუქტები - 1.1 მილიონი დოლარის 242 ტონა.

იმპორტისგან განსხვავებით 9.5%-იან ზრდას აჩვენებს ადგილობრივი ექსპორტი. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარში გერმანიაში 4.81 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 5.27 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში ქართული პროდუქციის ექსპორტი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

5 ძირითადი ქართული პროდუქცია, რის ექსპორტიც გერმანიაში ხორციელდება, ასეთია:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2.1 მილიონი დოლარის 922 ტონა;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 492 ათასი დოლარის 389 ტონა;
  • ყურძნის ნატურალური ღვინო - 456 ათასი დოლარის 107 ტონა;
  • თხილი და კაკალი - 421 ათასი დოლარის 67 ტონა;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 258 ათასი დოლარის 4 ტონა.

მერი ტაბატაძე