„ვერ შეამოწმებთ, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ“ – როგორ მოწმდება ოქროს ხარისხი

„ვერ შეამოწმებთ ოქროს, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ“, - ამის შესახებ „პალიტრავიდეოსთან“ ექსპერტმა და ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა განაცხადა.

როგორც ოქროს ექსპერტმა აღნიშნა, მოქალაქეებმა ოქროს შესამოწმებლად შესაბამის სპეციალისტს უნდა მიმართონ, რომელიც გასცემს შესაბამის „ჩეკს“ ოქროს ხარისხის შესახებ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში „ჩეკი“ არასწორად იქნება გაცემული და ოქროს მითითებული ხარისხი რეალურთან თანხვედრაში არ იქნება, შესაბამისი პირი აგებს პასუხს.

„ვერ შეამოწმებთ ოქროს, მიყიდია ოქრო გადასამუშავებლად და მეც მოვტყუებულვარ, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. შემოწმებისას მოითხოვეთ ჩეკი, ამოგიბეჭდავენ დასკვნას და უზუსტობის შემთხვევაში პასუხს აგებს [შესაბამისი პირი].

ოქროს წყალში არ მოწმდება ოქროულობა, სპეციალური აზოტმჟავა არსებობს სინჯებისთვის, რითაც ამოწმებენ ხარისხს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოქრომჭედელმა.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ეჭვი, რომ მათ ხელში არსებული ოქრო ყალბია, შეუძლიათ მიმართონ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.

როგორ ამოწმებენ ოქროს ხარისხს

ოქროს „სისუფთავე“ გამოხატულია კარატებში, მაგალითად 24K არის 99.9%-ით სუფთა ოქრო, ან გამოხატულია 999 სინჯით, რაც ნიშნავს, რომ ოქრო 99.9%-ით სუფთაა.

ყალბია თუ არა ოქროს, ამის დასადგენად ექსპერტები რამდენიმე მეთოდს მიმართავენ, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა იმ ნიშნებისა და შტამპების იდენტიფიცირება, რომელიც დატანილია ნაკეთობაზე. თუმცა, რიგ შემთხვევაში ხდება აღნიშნული ნიშნის გაყალბება და ოქრო დამატებით შემოწმებას საჭიროებს.

მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც დგინდება ოქროს ხარისხი, დაკავშირებულია აზოტის მჟავით შემოწმებასთან, რომელიც ოქროს სინჯის დასადგენად გამოყენება. ამ მეთოდის დროს ნაკეთობაზე მცირე ნაკაწრის დატანა, შემდეგ კი შესაბამის მჟავაზე რეაგირებით ხარისხის განსაზღვრა ხდება. ეს მეთოდი ხშირად გამოყენება ოქროს მიმღებ ობიექტებში.

კიდევ ერთი მეთოდია მაგნიტური ტესტირება. როგორც წესი, სუფთა ოქრო მაგნიტზე არ რეაგირებს. იმ შემთხვევაში თუ მაგნიტი იზიდავს ოქროს, შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს ძვირფას ლითონში შენარევებით. მიუხედავად ამისა, მაგნიტური ტესტი დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს ოქროს სისუფთავეს.

გარდა ამისა, ოქროს შემოწმება ხდება ელექტრონული მოწყობილობებითაც, რომელიც ოქროს სისუფთავის შემოწმების სწრაფი, თუმცა სრულად ზუსტი მეთოდი არ არის. ამასთან ერთად შესაძლოა ოქროს შემოწმებისთვის გამოყენებულ იქნას რენტგენული შემოწმება XRF სკანერზე, კერამიკული ტესტი (კერამიკის ზედაპირზე ნაკეთობის გასმა და დატოვებული კვალის ხარისხის ანალიზი) და სხვები.

Caratlane-ის ინფორმაციით, ოქროს სისუფთავის შემოწმება შესაძლებელია როგორც მარტივი ტესტირებით, ასევე ლაბორატორიული მეთოდებით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ 100%-იანი სიზუსტით შემოწმება, უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზებულ ოქროს შემოწმების ცენტრს ან ლაბორატორიას.

მერი ტაბატაძე