ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ადგილზე მოქალაქეთა ნაწილს ამ დრომდე არ მიწოდება ელექტროენერგია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მცხოვრებმა BPN-ს განუცხადა, სოფელში 1.25 მ თოვლი მოვიდა. მათივე განცხადებით, გუშინ სოფელში თოვლს წმენდდა სპეციალური ტექნიკა, დღეს კი ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
„მესამე დღეა შუქი არ არის; 1.25 მ თოვლია მოსული“, - უთხრეს ადგილობრივებმა „ბიზნესპრესნიუსს“.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ნაგომრის, მთისპირის, ასკანის, დაბა ნასაკირალის, დაბა ნარუჯის, სილაურის, დვაბზუსა და დაბა ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ადგილზე ელექტროენერგიის აღსადგენად „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ.
„ადგილზე, „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ელექტროენერგიის აღსადგენად ამ წუთებში მუშაობენ“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.