წალკაში მდებარე „ჩიზუკა“ გაზაფხულიდან ასორტიმენტს აფართოებს. სულ მალე ბაზარზე იასამნისფერი ლავანდის ყველი გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ჩიზუკას“ დამფუძნებელმა ვიკა იობიძემ განუცხადა, ახალი ყველი, სავარაუდოდ, ორი - ღია და შედარებით მუქი იასამნისფერი შეფერილობის იქნება.
კომპანიამ ყველის წარმოება 2023 წელს დაიწყო. ამ დროისთვის „ჩიზუკა“ 20-ზე მეტი სახეობის ყველს აწარმოებს, მათ შორის ფეტას ტიპის ყველს, სულგუნს, მთის ყველს, იმერულ ყველს, ტარხუნის მწვანე ფერის და ფორთოხლის სტაფილოსფერ ყველს, ასევე, სხვადასხვა ციტრუსის, ხილის, სუნელისა და შეფერილობის მქონე ყველს. თითოეული მათგანი გაუდის ბაზაზე მზადდება. იობიძის თქმით, განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ტარხუნის (მწვანე) და ფორთოხლის (სტაფილოსფერ) ყველზე.
„ჩემი ოჯახი 2008 წლიდან გაუდის ტიპის ყველს აწარმოებდა, ტექნოლოგებსაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ეს ტექნიკა, ამიტომ, გადავწყვიტეთ აღარ გამოგვეგონებინა ახალი ველოსიპედი და გაუდის ბაზაზე გაგვეკეთებინა სხვადასხვა გემოს და ფერის ყველი. იტალიურ კომპანიასთან გვაქვს ხელშეკრულება და ისინი გვაწვდიან 100%-ით ნატურალურ ბიო სერტიფიცირებულ ფერებს.
ამ სოფელში ძველი ბერძნები ცხოვრობდნენ ადრე. მოვიფიქრეთ, რომ სიმბოლური იქნებოდა ფეტას წარმოება, თუმცა, ფეტას ვაწარმოებთ არა მშრალად, არამედ ზეითუნის ზეთში. ასევე ვაწარმოებთ ნატურალურ კრემყველს, თუმცა მხოლოდ შეკვეთით. კრემყველს ვადა რომ გაუზარდო, უწევს დანამატების გაკეთება და აღარ არის ნატურალური, ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მცირე ვადიან ნატურალურ კრემყველებს“, - ამბობს იობიძე.
„ჩიზუკას“ პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კომპანია თანამშრომლობს როგორც რესტორნებთან, ისე ნიშნულ მაღაზიებთან.
„პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ხელმისაწვდომი, რადგან სოფელში არსებულ რძეზე ვმუშაობთ. გვემსახურება 2 ვეტექიმი, ისინი ემსახურებიან სოფელსაც და პასუხისმგებლები ვართ რძის ხარისხზე. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ჩვენს სოფელში წარმოებული რძით ვმუშაობთ, დიდი რაოდენობის პროდუქტს ვერ ვაწარმოებთ. ამას სჭირდება ასევე დასაწყობება მინიმუმ სამიდან ექვს თვემდე და დიდი ადგილია საჭირო“, - აღნიშნავს იობიძე.
რაც შეეხება ფასს, ტრადიციული ყველის ფასი 15-20 ლარის ფარგლებშია, ქერქიანი ყველის ფასები კი 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„თვითღირებულებაც ძალიან ძვირია ფერადი ყველის, საკმაოდ ძვირი ჯდება შენახვაც, ამიტომ, 50-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს ქერქიანი ყველი. ტრადიციული ყველის ფასი კი 15-დან 20 ლარამდეა“, - განაცხადა ვიკა იობიძემ.