ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.
როგორც ქუთაისის აეროპორტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფიქსირდება ფრენების დაყოვნება, თუმცა, რეისები არ გაუქმებულა.
ამასთან, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, რომ ათენის მიმართულებით ჰქონდა ფრენა, რომელიც 2 საათის წინ უნდა შესრულებულიყო, თუმცა, მგზავრები ჯერ-ჯერობით კვლავაც მოლოდინის რეჟიმში არიან.
„მინიმუმ 3 რეისის ხალხია აეროპორტში, შემდეგი რეისი 5 საათზეა, წესით უკვე რეგისტრაცია დაწყებული უნდა იყოს. ჩვენი რეისი უნდა შესრულებულიყო 2 საათის წინ, ჩამოვედით თავის დროზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ შესაძლოა შესრულდეს 19:00 საათზე. თუმცა, ამინდის გამო, არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება. გაურკვევლობაა, იმედია შესრულდება რეისი, ამ ეტაპზე ის ვიცით რომ ჩვენი ფრენა 5 საათზე მეტი დროით გადაიდო,“ - აღნიშნავს გიორგიძე.
გიდი გამოეხმაურა ასევე აეროპორტების გაერთიანების განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
„რეისი ბევრჯერ გადადებულა უამინდობის გამო, ეს არავის ბრალი არ არის. მაგრამ, ზოგიერთი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგად არის - რაში სჭირდებათ, ასეთი ინფორმაცია, რომელიც აშკარად არ არის მართალი? ხალხი, ვინც ნახა ეს ინფორმაცია, აღშფოთდა - აქ ვსხედვართ, ველოდებით და ვრცელდება განცხადება, რომ ყველაფერი კარგად არის,“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ალექსანდრე გიორგიძემ.