„რეგიონებში კონტრაქტორების ტექნიკა სრულად მობილიზებულია გზის გაწმენდით სამუშაოებზე“ - გზები, სადაც შეზღუდულია გადაადგილება

„რეგიონებში ჩვენი კონტრაქტორების ტექნიკა სრულად არის მობილიზებული გზის გაწმენდით სამუშაოებზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე ყველა ცენტრალური მაგისტრალი განვლადია მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

„რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად თოვს. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები. ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები“, - განუცხადეს BPN-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ გზებზე:

  • ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
  • დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები: ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვებითაა დასაშვები.
  • ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე .
მერი ტაბატაძე