სანქციები უკრაინის ომის მესამე წლისთავზე - რას მოიცავს ევროკავშირის მე-16 პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი, რომელი უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე გამოქვეყნდა, 13 რუსული ბანკისთვის SWIFT-ის სისტემაზე წვდომის, ასევე, რუსეთიდან პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას მოიცავს. ამასთან, ევროპაში რვა რუსული მედიასაშუალების მაუწყებლობა აიკრძალა. ასევე სანქციების სიაში მოხვდა „ვნუკოვოს“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტიც.

მთლიანობაში, შავ სიაში 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი მოხვდა.

კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი გულისხმობს:

  • 74 პოზიციით გაფართოვდა ტანკერების სია, რომლებსაც ევროკავშირი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიიჩნევს. სულ სანქციების ქვეშ 153 გემი იმყოფება
  • მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა მედიასაშუალებებს: EADaily-ს (Eurasia Daily), Lenta-ს, NewsFront-ს, RuBaltic-ს, SouthFront-ს, Strategic Culture Foundation-სა და Krasnaya Zvezda-ს
  • სამშენებლო მომსახურების, მათ შორის, სამოქალაქო დაპროექტების აკრძალვა
  • საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე სასაზღვრო შეზღუდვები, რომელიც ნავთობისა და გაზის ძიებასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასაც მოიცავს
  • ევროპულ ბიზნესს რუსეთის რამდენიმე პორტთან და აეროპორტთან ტრანზაქციების განხორციელება, აგრეთვე, თვითმფრინავებისა და საავიაციო ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აეკრძალა
  • შეზღუდვები სათამაშო კონსოლების, ჯოისტიკებისა და ავიასიმულატორების გაყიდვაზე, რომლებიც შესაძლოა, დრონების კონტროლიორებად იქნეს გამოყენებული
  • რუსეთის ფარგლებს გარეთ საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტებს აეკრძალათ ტრანზაქციები SWIFT-ის რუსული ანალოგის, ანუ ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემა SPFS-ის გამოყენებით
  • SWIFT-ის სისტემიდან 13 რუსული ბანკი გაითიშა. ეს ბანკები არ სახელდება, თუმცა, ევროკომისიის პრესრელიზის მიხედვით, „ისინი წარმოადგენენ რეგიონულ ბანკებს, რომლებიც რუსეთის ფინანსური და საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტებად მიიჩნევა“
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვის აკრძალვა
  • რუსეთში ქრომის ნაერთებისა და ქლოროპიკრინის ქიმიური წინამორბედების ექსპორტის აკრძალვა

ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში მონაწილე იურიდიული პირების სიას 53 კომპანია დაემატა. რუსეთში ამ კომპანიების მხოლოდ მესამედი არის რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი მესამე ქვეყნებში, კერძოდ, ჩინეთში, ინდოეთში, ყაზახეთში, სინგაპურში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და უზბეკეთში არის ბაზირებული. ისინი “სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში ან მგრძნობიარე საქონლის შეძენაში მონაწილეობენ.” ეს საქონელი, მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის და რაკეტებისთვის გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ