მომავალი წლისთვის 600 დამატებითი მატარებლის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ შუა დერეფნის მეშვეობით - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩინეთიდან წამოსული ტვირთები, რომელიც უკვე შეთანხმებულია.
„სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია. იცით, რომ აქტიურად ვიმუშავეთ რკინიგზის მოდერნიზებაზე. ფაქტობრივად, მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ 2025 წელს უნდა დავასრულოთ მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, ჩვენ რიკოთის მონაკვეთს მოიცავს და როგორც სიჩქარე, ისე უსაფრთხოება, შესაბამისად, გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის უნდა გაიზარდოს. ახლა ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულება და 40 მლნ ტონას გადააჭარბებს ჩვენი შესაძლებლობა. 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე ავდივართ. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ტვირთბრუნვა დერეფანში და მეტი შემოსავლები მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ მთელ ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა.
ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას და მოთამაშეს, დღესაც გვქონდა ასეთ შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით უკვე მომავალ პერსპექტივაზე, როგორ შეიძლება დამატებით გრძელვადიანად დავამაგროთ ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები. ანუ საქართველომ გაზარდოს თავის სატრანზიტო ფუნქცია ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ზოგადად, მისი გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტს და ლოჯისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ.
უკვე მომავალი წლისთვის, ჩვენს სარკინიგზო გადაზიდვებს რაც ეხება, დაახლოებით, 600 დამატებითი მატარებლის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ შუა დერეფნის მეშვეობით. ეს არის ის, რაც ჩინეთიდან წამოვა, ახალი ტვირთები, რაზეც უკვე შეთანხმება არსებობს. ესეც დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შუა დერეფნის სტიმულირების კუთხით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტი ტვირთი გადაზიდა.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში 987 000 ტონა ტვირთ გადაიზიდა, 2025 წლის იანვარში 1.123 მლნ ტონა.