ანაკლიის პორტზე საინვესტიციო ხელშეკრულება არაუგვიანეს ზაფხულში გაფორმდება - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ კომპანიასთანაც - ლევან დავითაშვილი

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საინვესტიციო ხელშეკრულება არაუგვიანეს ზაფხულში გაფორმდება,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ვფიქრობ შევძლებთ, კონტრაქტი გავაფორმოთ ამ გაზაფხულზე, არაუგვიანეს ზაფხულისა. მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ კონფიდენციალურია, მეტ ინფორმაციას ვერ გაძლევთ. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული, დღესაც იმართება მოლაპარაკებების ერთი რაუნდი. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია, რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ,“- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ახალი მოთამაშეც გაჩნდა, რომელმაც შესაძლოა, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ერთად განახორციელოს პორტის პროექტი. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოხდებოდა კონსორციუმის გაძლიერება და მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნებოდა. ახალ მოთამაშეზე დავითაშვილმა დღეს მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ეს საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც აქვს საერთაშორისო დაფარვა და არის წამყვანი თავის დარგში“.

ცნობისთვის, 2024 წლის მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის (ინვესტორის) შესარჩევ კონკურსში, წინადადებები მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) წარადგინა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის გაფორმებული. 2025 წლის 23 იანვარს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდებოდა წარმოდგენილი წინადადების დეტალები.