25 პროექტი, რომელსაც დონორები სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში ახორციელებენ - როგორია ღირებულება

ფერმერების მხარდაჭერა, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება, უახლესი ლაბორატორიული კვლევები, პერსონალური სწავლება, კლიმატის რისკების შემცირება, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, სახეობათა აღდგენა, მერძევეობისა და მეთევზეობის მდგრადი განვითარება - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში ახორციელებენ.

განხორციელებული პროექტების ნაწილი გრძელვადიანია და რიგ შემთხვევაში 5 წელზე მეტი ვადითაც კი ხორციელდებოდა. „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დონორების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მხარდაჭერილი პროექტების დონაცია ასე გამოიყურება: 330 762 620 დოლარი, 522 086 400 ევრო და 1 434 100 ლარი (შენიშვნა: ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა შეუსაბამოა, რადგან თანხების ნაწილი სხვადასხვა წელს გამოიყო, გათვლილი იყო რამდენიმე წელზე და ამ პერიოდში ვალუტის კურსი განსხვავებული იყო). აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერიდან 91 მილიონი ევრო სესხია, დანარჩენი კი გრანტი.

სექტორში ფინანსური მხარდაჭერა ბოლო წლებში განახორციელა შემდეგმა დონორებმა: კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი (WB), შვედეთის მთავრობა, WA (ვაშინგტონის უნივერსიტეტი - CDC), ICARS, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), IBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

„სამინისტროს განკარგულებაში არსებული გრანტები ხმარდება სისტემაში შემავალი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას და უახლესი ლაბორატორიული კვლევების მეთოდოლოგიის დანერგვას, პერსონალის სწავლებებს, კერძო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა შესყიდვების (საკვლევი მასალები და სხვა) წარმოებას, შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორგანიზაციების (ფერმერები) სუბსიდირებასა და მათთვის სხვადასხვა შესყიდვის განხორციელებას. ამასთან, გრანტების ნაწილის ხარჯვას ახორციელებენ უშუალოდ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები“, - განუცხადეს BPN-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გთავაზობთ 25 პროექტს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში დონორების მხარდაჭერით განხორციელდა (თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ განხორციელებული პროექტები გრძელვადიანი, დაწყების თარიღი შესაძლოა, აჭარბებდეს 5 წელს ან იყოს მიმდინარე):

1. „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ (2018-2025 წლები); დონორები - GCF, SDC, SIDA; ღირებულება - 73 914 156 აშშ დოლარია (GCF – 27 054 000 დოლარი, SDC – 5 მლნ დოლარი, SIDA – 3 621 132 დოლარი, საქართველოს მთავრობის არაპირდაპირი თანადაფინანსება 38 239 024 დოლარი).

2. „ყველა დონეზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი და შესაძლებლობების განვითარების პრობლემის შემუშავების თაობაზე კლიმატის რისკის შესახებ ტრენინგებისა და ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდებისთვის თემებისა და ადგილობრივ დონეზე პირველადი რეაგირების უზრუნველმყოფთათვის“ (2019-2021); დონორები - UNDP, GCF; ღირებულება - 1 434 100 ლარი;

3. საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების განვითარებაში 2020-2022 წლები; დონორები - UNEP, ევროკავშირი; ღირებულება - 73 834 000 აშშ დოლარი;

4. „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) - 2021-2025 წლები - 8.6 მლნ ევრო;

5. „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ 2014-2022 წლები; დონორები WB; პირველ ეტაპზე 50 მლნ დოლარი, მეორე ეტაპზე 18.2 მლნ ევრო;

6. ტექნიკური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პრიორიტეტების განხორციელებისათვის 2024 წელი; დონორები - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციები, ღირებულება - 60 000 აშშ დოლარი;

7. „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ - სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, 2023-2024 წლები; დონორი - SIDA, ღირებულება - 70 000 ევრო;

8. „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ - უცხო ინვაზიურ სახეობათა მართვის კონცეფცია, 2023-2024 წლები; დონორი - SIDA, ღირებულება - 50 000 ევრო;

9. „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ - მდგრადი მეთევზეობის ეროვნული კონცეფცია, 2024 წელი; დონორი - SIDA, ღირებულება - 25 000 ევრო;

10. „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ - ბიომრავალფეროვნებაზე ტურიზმის უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით საკონსულტაციო მომსახურება, 2025 წელი, დონორი - SIDA, ღირებულება - 38 000 ევრო;

11. „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის შექმნა“, 2026 წლის ჩათვლით, დონორი - SIDA, ღირებულება - 80 000 ევრო;

12. „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, 2021-2024 წლები, დონორი - შვედეთის მთავრობა; ღირებულება - 373 000 ევრო;

13. „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, 2021-2024 წლები, დონორი - შვედეთის მთავრობა; ღირებულება -285 200 ევრო;

14. „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, 2021-2024 წლები, დონორი - შვედეთის მთავრობა; ღირებულება -165 200 ევრო;

15. ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ ტყის ეკოსისტემის მედეგობის გაზრდა, 2021-2028 წლები, დონორები - GCF, ღირებულება - 175 მლნ ევრო (118 მლნ- სახელმწიფოს კონტრიბუცია; 33 მილიონი-GCF, ბანკი კრისტალი- 10 მლნ, BMZ- 10 მლნ, SDC- 4 მლნ);

16. „ახალი თაობის ინტეგრირებული საზედამხედველო სისტემა გლობალურ ჯანდაცვაში: გადასვლა მოქმედებაში“ 2924 წელი, დონორი - WA, CDC, ღირებულება - 120 000 000 აშშ დოლარი;

17. საქართველოში ანტიბიოტიკების ზრდის სტიმულატორებად გამოყენების შემცირება მეფრინველეობის ფერმებში, 2022-2026 წლები, დონორი - ICARS, ღირებულება - 524 464 აშშ დოლარი;

18. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარება, 2024-2028 წლები, დონორი - AFD, ღირებულება - 300 000 ევრო;

19. „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერება“ 2023-2029 წლები, დონორი - WB, ღირებულება - 14 მლნ. აშშ დოლარი;

20. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA), 2018-2025 წლები, დონორი - IFAD, ღირებულება - 16 000 000 ევრო სესხი და 4.3 მლნ ევრო გრანტი.

21. ირიგაციისა და მიწის პროექტი (GRAIL), 2023-2029 წლები, დონორი - IBRD, ღირებულება - 138.6 მლნ ევრო;

22. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, 2023-2029 წლები, დონორები - EIB, AFD, ღირებულება - 90 მლნ. ევროს, საიდანაც 40 მლნ. ევრო არის EIB-ის სესხი, 35 მლნ. AFD-ს სესხი, 5 მლნ. ევრო საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობა ძირითადად სესხთან დაკავშირებული საბიუჯეტო გადასახადებისა და განსახლების საჭიროებისათვის, ხოლო 10 მლნ არის ევროკავშირის გრანტი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკომისიასთან;

23. კლიმატგონივრული ირიგაციის დარგობრივი განვითარების პროგრამა, 2024-2030 წლები, დონორი - ADB, ღირებულება - 48 მილიონი აშშ დოლარი;

24. გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლად განვითარება, საქართველოს გენდერული ანალიზის დოკუმენტის განახლება, წლები 2022-2023, დონორი - FAO, ღირებულება - 30 000 აშშ დოლარი;

25. „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში“ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარება, 2021-2023 წლები, დონორი - WB, ღირებულება 400 000 აშშ დოლარი.

მერი ტაბატაძე