ევროკავშირმა უკრაინის ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით სანქციების მე-16 პაკეტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში იმ რუსული ბანკების სია გამოაქვეყნა, რომლებიც SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.
მანამდე ევროკომისიის პრესრელიზში ეს ბანკები არ სახელდებოდა და მხოლოდ ის ეწერა, რომ „ისინი წარმოადგენენ რეგიონულ ბანკებს, რომლებიც რუსეთის ფინანსური და საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტებად მიიჩნევა.“
დოკუმენტის თანახმად, ბანკები SWIFT-იდან 17 მარტს გაითიშება.
მათ გარდა, SWIFT-იდან არასაბანკო ანგარიშსწორების საკრედიტო დაწესებულება, Payment Constructor გაითიშება, რომელიც გადახდებს იღებს და გადახდის სერვისს, მათ შორის, იურიდიულ პირებს უწევს.
მეცამეტე ინსტიტუტი, რომელიც SWIFT-იდან ჩაიხსნება, ასევე, არასაბანკო ორგანიზაცია სანკტ-პეტერბურგის ანგარიშსწორების ცენტრია. მას, Payment Constructor-ის მსგავსად, რუბლებსა და უცხოურ ვალუტაში საბანკო ოპერაციების განხორციელების ლიცენზია აქვს.
სანქციებს, ასევე, Mfk Tochka Opory დაექვემდებარა, რომელიც საბითუმო არასპეციალიზებულ ვაჭრობას, კერძოდ, მიკროსქემების, სენსორების, ინფორმაციის შეყვანა-ასახვის მოწყობილობებისა და სხვა ელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ეწევა.
ცნობისთვის: უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული ბანკები SWIFT-თან თანმიმდევრობით ითიშებიან. კერძოდ, სისტემიდან გათიშულია Sberbank, VTB, Rosselkhozbank, Promsvyazbank, Sovcombank და სხვები. რუსეთის სახელმწიფო ბანკებიდან “გაზპრომბანკი” ერთადერთი და ბოლო ინსტიტუტია, რომელიც დოლარში ანგარიშსწორებასა და SWIFT-ის სისტემაზე წვდომას ინარჩუნებს. თუმცა გასული წლის ნოემბერში ბანკების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო რაუნდი 50 საკრედიტო ინსტიტუტს, მათ შორის, “გაზპრომბანკსაც” შეეხო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ