მე არ წარმომიდგენია ჩემი თავი „ბიბლუსის“ გარეშე, თორემ „ბიბლუსი“ წარმომიდგენია - ირაკლი გაგნიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

„ბიბლუსი“ პირველი სურვილიდან და ენთუზიაზმიდან დაიწყო, რომ ამ სექტორში რაღაც ახალი გაგვეკეთებინა და წიგნიერებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა,“ - ამის შესახებ „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პორტრეტი“ განაცხადა.

- საუბარი დავიწყოთ თავიდან, სანამ „ბიბლუსი“ იქცეოდა „ბიბლუსი ჯგუფად“. როგორ დაიწყო ყველაფერი, რა იყო პირველი პროექტი?

„ბიბლუსი“ დაიწყო პირველი სურვილიდან, ენთუზიაზმიდან, იდეიდან, რომ ამ სექტორში რაღაც ახალი გაგვეკეთებინა და დიდი წვლილი შეგვეტანა წიგნიერებაში. თავიდან, დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანის მხრიდან უდიდესი შრომა იყო გაწეული, მათ შორის ენთუზიაზმით გაკეთებული საქმეებიც. იყო ეტაპი, როცა ეს საქმე, როგორც ბიზნესი უნდა ჩამოგვეყალიბებინა, სადაც ხალხი კითხვაზე ფსონს გააკეთებდა. დიდი ხანი, 3-4 წელი საქმე ისე კეთდებოდა, რომ ყველა თანამშრომელი იყო რიგითი, სადაც საჭირო იყო ყველა გენერალი იყო, სადაც საჭირო იყო ყველა წინა ხაზზე იყო. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება გუნდურად ხდებოდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ეს საქმე წარმატებული გახდა. წლების განმავლობაში ეს ადამიანები სულს და გულს დებდნენ ამ საქმეში და უყურებდნენ არა მხოლოდ როგორც კომერციულ ობიექტს, არამედ ქვეყნის მომავალს. აქ თითოეულ აგურს თავისი სახელი აქვს, იმ პიროვნებების, ვინც ეს საქმე გააკეთა.

- „ბიბლუსი ჯგუფი“ წარმოგიდგენიათ თქვენს გარეშე?

მე არ წარმომიდგენია ჩემი თავი „ბიბლუსის“ გარეშე, თორემ „ბიბლუსი“ წარმომიდგენია. „ბიბლუსი ჯგუფი“ დღესაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ჩემს გარეშე. ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ჯგუფი. მაგრამ ჩემთვის, ეს არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის ცხოვრებისეული ემოცია, ურთიერთობა, სულ სხვა რამეა.

- განვითარების მოტივაციას რა გაძლევთ?

აქტიური ცხოვრების მოყვარული ვარ და ჩემს წინაშე სულ ამ გამოწვევებს ვსახავ. დროის კარგვა არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ, სულ რაღაც ნაბიჯი გადავდგა და ვცდილობ, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ.

- ირაკლი გაგნიძე არის ლიდერი თუ ბოსი?

ვთვლი, რომ ლიდერი ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მარტო ლიდერი ვარ, უბრალოდ ძალიან კარგი გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ, რადგან მათ გარეშე არ გამოვიდოდა ბევრი რაღაც. ინდივიდი - ირაკლი გაგნიძე აქ არაფერს წარმოადგენს, რომ არა ეს გუნდი.

- პროგრამა „მინიმუმი“, რაც საკუთარ თავს დაუწესეთ, უკვე შესრულებულია?

არ დამიწესებია მინიმუმი. მაქსიმუმი კი ის არის, რასაც შევძლებ.

შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.