ევროკავშირის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია კანადის ხელისუფლებამაც გააფართოვა.
ინფორმაცია კანადის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება.
უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე გამოქვეყნებული ახალი შეზღუდვები 70-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას, ასევე, რუსეთის 100-ზე მეტ „ჩრდილოვან“ ტანკერს შეეხო.
კანადის მთავრობის შეფასებით, სასანქციე სიის ახალი ფიგურანტები მხარს უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ეხმარებიან; ასევე, მონაწილეობენ „უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაადგილებაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით რუსეთს პროპაგანდის გავრცელებაში ხელს უწყობენ.“
კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ახალი შეზღუდვები შემოღებულ იქნა რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად და სიაში ის პირები და ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც „კრემლის სამხედრო-სამრეწველო ბაზას მხარს უჭერენ.“
ცნობისთვის: 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ომის შემდეგ ანტირუსული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტები დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები, ასევე, ავსტრალიამ გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ