„ვითვალოთ დახოცილი ხალხი და ვიძახოთ, რომ „სტიქიაა", „უბედური შემთხვევაა", - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„4 დღე დასჭირდათ, რომ ჯარი ჩაერთოთ საქმეში! 4 დღე!
ის, რაც აჭარასა და გურიაში ხდება, უკვე ამდენი ხნის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობა თუ არ არის, აბა რა ჯანდაბაა თქვენთვის საგანგებო მდგომარეობა?
სად არის საგანგებო სიტუაციის მართვის ცენტრი, სად არის მდგომარეობის შესაბამისი სისტემური დაგეგმვა და მოქმედება?
ვითვალოთ დახოცილი ხალხი და ვიძახოთ, რომ „სტიქიაა", „უბედური შემთხვევაა". მარტო კომპეტენციის კი არა, გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის პრობლემაა,“ - წერს რესან ქიქავა.
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან. ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს.
დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.
აღსანშნავია, რომ მოქალაქეებმა ადგილობრივების დასახმარებლად მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. ამასთან, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ დასავლეთ საქართველოში მოქალაქეთა დახმარების პროცესში ერთვება თავდაცვის ძალებიც.