„მსგავსი ტიპის სტიქიის დროს მთელი ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული თავისი ტექნიკით, ხალხითა და სხვა რესურსებით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე შეფასებით, მარტო სახანძრო-სამაშველო სამსახური ვერაფერს გახდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებში. უამინდობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ამ ადამიანების დასახმარებლად გუშინ შეიქმნა „მოხალისეების ჯგუფი“. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროცესში ერთვება თავდაცვის ძალებიც.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას“ განაცხადა, სტიქიის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია როგორც სახელმწიფოს, ასევე საკუთარი ტექნიკით კერძო კომპანიების ჩართულობა, რადგან მსგავსი მასშტაბის სტიქიის დროს სახელმწიფოს „საკმარისი ტექნიკა არასდროს ექნება“.
„პროცესებში აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა. ჩვენ დროს გეგმა გვქონდა ყოველთვის, ვიცოდით, რომელ კომპანიას რამდენი ტრაქტორი და ამწე ჰყავდა. ტექნიკური საკითხები გვქონდა დალაგებული და როცა მსგავსი სტიქიები ხდებოდა, ვურეკავდით და მობილიზება ხდებოდა სახელმწიფოს ჩართულობით. სახელმწიფოს გარეშე მსგავსი სტიქიების დროს, მხოლოდ ერთი სამსახური [სამაშველო] ვერაფერს ვერ იზამს.
დღეს არ ვიცი რა მდგომარეობაა სტრუქტურაში და ტექნიკის საკითხი როგორ არის დალაგებული, მაგრამ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის რომ მსგავსი მოულოდნელი სტიქიის დროს საკმარისი ტექნიკა ექნება. საკმარისი არ იქნება ტექნიკა, არც არის გასათვალისწინებელი რომ იმდენი ტექნიკა ჰყავდეს სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის დროს ეყოს. ამიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, მასთან ერთად უნდა ჩაერთონ კერძო კომპანიები“, - აღნიშნავს თემურ გიორგაძე.