Maersk-მა იაპონიიდან ფოთის პორტის გავლით ტვირთის სატესტო გადაზიდვა წარმატებით დაასრულა

დანიურმა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კორპორაცია Maersk-მა იაპონიიდან შუა დერეფნის, მათ შორის, ფოთის პორტის გავლით ტვირთის პირველი სატესტო გადაზიდვა წარმატებით დაასრულა

ინფორმაციას სააგენტო Report კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, Maersk-ის საცდელი სატრანსპორტო მარშრუტი იაპონიის ნაგოიადან დაიწყო და ჩინეთის ცინდაოზე, სიანზე, ყაზახეთის ალტინკოლსა და აქტაუზე, შემდეგ ფოთის პორტზე გაგრძელდა და თურქეთის ამბარლიში დასრულდა.

Maersk-ში აცხადებენ, რომ ეს წარმატებული გადაზიდვა შუა დერეფნის, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტის პოტენციალს ხაზს უსვამს. ეს მარშრუტი, კომპანიის შეფასებით, ინტეგრირებული და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტაა ბიზნესისთვის, რომელიც აზიისა და ევროპის დაკავშირებას ესწრაფვის.

ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში Maersk-ის ტვირთებისა და ტრანსსასაზღვრო რისკების მართვის ხელმძღვანელი, მინ იანგ კიმი აცხადებს, რომ შუა დერეფანი ღირებულ შესაძლებლობას ანიჭებს სამხრეთ კორეისა და იაპონურ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ევროპაში ექსპორტს ეწევიან. მისი თქმით, ეს მარშრუტი საიმედო და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტაა, რომელიც მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აუმჯობესებს და ტრანზიტის დროს ამცირებს.

Maersk კონტეინერების გადაზიდვაში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა. ის ამ ინდუსტრიის მთელი გლობალური ბაზრის, თითქმის, მეხუთედს ფლობს. უკრაინის ომის გამო ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ, 2022 წლის 22 მარტს, Maersk-მა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტა და მისი აქტივების გაყიდვა გამოაცხადა. კომპანიამ, ასევე, თავისი გემებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვები შეწყვეტა. 2022 წლის მაისში კომპანიამ ევროპაში ტვირთის მიწოდების მარშრუტი აქტაუს პორტის გავლით დაიწყო.

ცნობისთვის: შუ დერეფნით მოძრავი ტვირთის ნაწილი უკრაინის გავლით გაიგზავნება, რისთვისაც უკრაინის რკინიგზა ორ ბორანს გამოიყენებს. ბორნები საკონტეინერო მატარებლებს კასპიის პორტებიდან ბაქოში, შემდეგ კი ფოთის პორტიდან ოდესაში გადაიყვანენ, ხოლო ოდესიდან ევროპაში გაემართებიან.

TITR, ანუ შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ჩრდილო დერეფნის ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომლის გამტარუნარიანობაც შარშანდელი მოდერნიზების შემდეგ წელიწადში 1 მილიონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ