„ლანჩხუთს და ოზურგეთს საკმარისი ტექნიკა არ აქვს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გურია შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩხობაძე აღნიშნავს, რომ სტიქიის სამართავად საჭიროა თბილისიდან და ქუთაისიდან ჯგუფების მობილიზება.
„ვერტმფრენით უნდა ჩავიდეთ [სტიქიის ადგილებში, სადაც მისვლა ვერ ხერხდება], იმედია რომ გვყავს, სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საგანგებოს უნდა ჰყოლოდა ვერტმფრენები და უნდა შეეძლოთ, რომ ვერტმფრენით ჩავიდნენ. მესმის, რომ ამინდის პირობები ძალიან რთულია, მაგრამ ისეთი პირობები არ არის რომ ვერ იმუშაოს ვერტმფრენმა.
სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ახლა თუ არ დაიძრა ჯგუფები თბილისიდან და ქუთაისიდან და ყველა არ იქნება მობილიზებული, ძალიან გაუჭირდება გურიას - დღეს სჭირდება შველა! ფორსმაჟორული სიტუაცია და ჩვენ არ ვართ მზად“, - თქვა ჩხობაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გურია ზვავსაშიშროების წინაშე დგას. განსაკუთრებით კი საყურადღებოა ხით ნაშენი სახლების მდგომარეობა.
„არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს. ბევრ სახლს უჭირს უკვე იმიტომ, რომ იქ ხით ნაშენი სახლებია ბევრი, გადათოვლას ვერ ახერხებენ, სიმძიმის გამო სახლები ინგრევა. ამას ემატება ის, რომ რეალურად გზა არ არის, პური არ აქვთ მოქალაქეებს, მედიკამენტები არ აქვთ, კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, არ აქვთ დენი და წყალი.
ძალიან ბევრი ადგილიდან უკვე დაწყებული უნდა იყოს ევაკუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ მოსახლეობას, მსხვერპლი გვექნება უფრო დიდი. იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამხელა თოვლი გურიაში არ იცოდა, ეს არის სტიქიური უბედურება და ფორსმაჟორული სიტუაცია. 2 მეტრია თოვლი ბევრ სოფელში, ფიზიკურად ვერ ახერხებენ გადაადგილებას. თუ მაშველები არ მიეხმარნენ ამ ხალხს, ჩვენ შესაძლოა, ხალხი ვეღარ ვნახოთ ცოცხალი“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სამაშველო სამუშაოებში დილიდან ჩაერთნენ მოხალისეები. პროცესში ერთვება საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. უამინდობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე.
ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ხერხდება სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებაც.