„ახლა დაიწყება მეწყრული პროცესები და ზვავსაშიშროება შეიძლება წარმოიქმნას გურიაში“ - ნინო ჩხობაძე

„ახლა დაიწყება მეწყრული პროცესები და ზვავსაშიშროება შეიძლება წარმოიქმნას გურიაში, იმდენად მაღალია თოვლის ფენა“ - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადრეული შეტყობინების სისტემები გამართული არ არის, მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია არ მიეწოდება.

რაც შეეხება სტიქიის შემდგომ რეაგირებას, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ორგანიზება ფაქტობრივად, ვერ ხდება.

„პირველ რიგში, ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სტიქიურ უბედურებებთან მიმართებით უნდა არსებობდეს, ჩვენ ჯერ-ჯერობით გამართული არ გვაქვს და არც არაფერი გაკეთებულა ამისთვის. ამასთანავე, მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერი სტიქიური უბედურების დროს და რა კონკრეტული მოქმედებებია ჩასატარებელი.

მეორე, თვითონ სოფლებში არ არის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ თვითორგანიზება. ანუ, მათ არ აქვთ სპეციალური ტრენინგი გავლილი. არ არსებობს ჯგუფები, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, ორგანიზებულად პური მიაწოდოს, ორგანიზებულად გაწმინდოს გზები და ა.შ. რისთვის გვყავს ამდენი სოციალური დახმარებით დასაქმებული ადამიანი?! უამრავ სოფელშია ასეთი ხალხი. ისინი უნდა იყვნენ მობილიზებული და ნასწავლი უნდა ჰქონდეთ, რა გააკეთონ. 112-ის გავრცელებული ინფორმაცია არ არის კონკრეტული. ეს უნდა იყოს ხელმძღვანელი მუშაკებისთვის სიგნალი, რომ ყველა ასეთი ჯგუფი, რომელიც გვეყოლება სოფლებში, ისინი იყვნენ გაფრთხილებული, რა სჭირდებათ და ა.შ.

ამასთანვე, შეიძლებოდა გზების გაწმენდა უფრო ადრე, თუმცა შესაბამისი ტექნიკა არ ჰყავთ ადგილზე, ვერ აკეთებენ ამ ტექნიკის მობილიზებას, არ არსებობს სპეციალური ფონდები, რომ უცებ ხდებოდეს თანხის გამოყოფა სტიქიასთან საბრძოლველად, ა.შ. ეს არის ორგანიზების საკითხი. ადრეული შეტყობინების სისტემა ნიშნავს, რომ კარგად მკაფიოდ, ორგანიზებული სისტემა გაქვს, მაგრამ ჩვენთან ეს არ არსებობს. ამიტომ არის ეს პრობლემები. მობილიზებულები უნდა ხდებოდეს წინასწარ და არა პოსტ ფაქტუმ.

რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ეს თოვლი ერთბაშად, ასე მარტივად არ დადნება, იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით, დაბალი ტემპერატურები პროგნოზირებული. მაგრამ, ახლა დაიწყება მეწყრული პროცესები და ზვავსაშიშროება შეიძლება წარმოიქმნას გურიაში, იმდენად მაღალია თოვლის ფენა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.

შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა გურიაში მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. დიდთოვლობის გამო ჩამონგრეულია 40-მდე სახლი, არ არის ელექტროენერგია, წყალი, მედიკამენტები, გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია იწერება იმის შესახებ, რომ ოჯახებს საკვებიც გამოელიათ. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.

ნინი ქეთელაური