რუსეთის რომელი ქალაქებიდან შესრულდება რეისები სოხუმის აეროპორტში და რა ეღირება ბილეთი

პერმიდან სოხუმში პირდაპირ ავიარეისებზე დიდი მოთხოვნა იქნება - ამის შესახებ RBC-ს პერმის ტურისტულ სააგენტო „დომ სოლნცაში” განუცხადეს.

სააგენტოს ცნობით, ამჟამად უამრავი ტურისტი აფხაზეთში ჩასვლისგან სწორედ რთული მარშრუტის გამო იკავებს თავს, რომელიც ჯერ სოჭის აეროპორტში ჩასვლას, შემდეგ კი ადლერის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლას მოიცავს, სადაც დიდი რიგებია, ხოლო სოხუმისკენ ან ახალ ათონისკენ მგზავრობას, დაახლოებით, 3-4 საათი სჭირდება.

„პერმის მცხოვრებლები ნამდვილად მოუთმენლად მოელიან ამ მიმართულების გახსნას. ხალხი წლევანდელ ზაფხულზე დიდ იმედებს ამყარებს. რეისები ჯერ შედგენილი არ არის, მაგრამ როგორც კი გაყიდვაში ჩაეშვება, აჟიოტაჟი ატყდება,” - აცხადებენ კომპანიაში.

ზაფხულისთვის აფხაზეთში რუსების მიერ ტურების დაჯავშნა უკვე დაიწყო

ტურისტული სააგენტოს ცნობით, აფხაზეთში ტურების ადრეული დაჯავშნა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაც შავი ზღვის რუსული კურორტების მაზუთით დაბინძურებამაც განაპირობა.

კიდევ ერთ ადგილობრივ ტურისტული სააგენტო A-Tour-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პერმიდან სოხუმში ავიარეისებზე აქტიური მოთხოვნა არ არის, რადგან ტურისტების უმეტესობა სოჭში ფრენას და შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტით აფხაზეთში გადასვლას არის მიჩვეული. თუმცა თუ ბილეთი გონივრულ ფასად გაიყიდება და გრაფიკიც მოსახერხებელი იქნება, ტურისტები დიდი ალბათობით ამ ვარიანტს განიხილავენ.

“ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ზაფხულის სეზონზე ზღვაზე დაბალბიუჯეტიანი დასვენება ურჩევნია,” - აცხადებენ A-Tour-ში

ადგილობრივი ტურსააგენტოები პერმი-სოხუმის რეისზე ბილეთის სავარაუდო ფასსაც ასახელებენ. „დომ სოლნცაში” ამბობენ, რომ ტურისტების ფსიქოლოგიური მზადყოფნა ორმხრივი ბილეთის ღირებულებისთვის ზამთარში 20 ათას რუბლი (232 დოლარი), ხოლო ზაფხულის სეზონზე 30-40 ათასი რუბლია (348-464 დოლარია).

„აფხაზეთი საბიუჯეტო დასვენების მიმართულებაა და ავიაბილეთებზე მაღალი ფასები ასეთ ტურისტებს დააფრთხობს. ხალხი ისევ სოჭის გავლით მგზავრობას აირჩევს, რაც მართალია, უფრო რთულია, მაგრამ ფასი გადამწყვეტი იქნება,“ - აცხადებენ “დომ სოლნცაში.”

A-Tour-ის შეფასებით, ავიაბილეთის ფასი ავიაკომპანიაზე, მარშრუტის სუბსიდირებასა და სეზონურობაზე იქნება დამოკიდებული. სააგენტომ სავარაუდო რეისის ფასები პერმი-სოჭის ავიარეისზე არსებული ფასების გათვალისწინებით გამოთვალა. კერძოდ, თუ ზაფხულის სეზონზე პერმი-სოჭის რეისზე ცალმხრივი ბილეთის ფასი 10-იდან 25 ათას რუბლამდე (116-დან 290 დოლარამდე) შეადგენს, ახალი ლოგისტიკისა და ფრენების მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, სოხუმის რეისზე ცალმხრივი ბილეთი, დაახლოებით, 16-18 ათასი რუბლი (186-209 დოლარი) ეღირება, ხოლო პიკურ სეზონზე უფრო ძვირი იქნება.

ორივე სააგენტოში პერმი-სოხუმის ავიარეისის წელს ამოქმედებას ნაკლებად მოელიან და აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე ფრენები შესაძლოა, მოსკოვიდან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან დაიწყოს.

ყაზანი-სოხუმის მარშრუტზე პირდაპირი ფრენების დაწყებას თათარსტანის ავიაკომპანია, UVT Aero უკვე განიხილავს, რომელმაც 7 თებერვალს მოსკოვიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში 30 წლის შემდეგ პირველი სატესტო ჩარტერული რეისი შეასრულა. ავიაკომპანიის პრესსამსახურში RBC Tatarstan-ს განუცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

ამასთან, თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ სოხუმში პირდაპირი ფრენები შესაძლოა, რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც დაიწყოს. ქალაქის მერია ამ რეისის სუბსიდირებაზე უკვე მუშაობს და მოლაპარაკებებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან მართავს.

ცნობისთვის: იანვრის ბოლო-თებერვლის დასაწყისში სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და აფხაზეთში მოსკოვის ახალი კურატორი, სერგეი კირიენკო იმყოფებოდა, რომელმაც სოხუმის აეროპორტის 1-ლი მაისისთვის გახსნა, ხოლო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის რეგულარული რეისების ამოქმედება მოითხოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ