„არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ [გურიაში] პურის დეფიციტი ან მიწოდების პრობლემაა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში "მახარაძის" ქარხანაა, ასევე ჩოხატაურში კუსტარული საცხობი, თუმცა მუშაობასა და პურის მიწოდებაზე, არის თუ არა შეფერხება, მისთვის უცნობია.
„ჩვენთან მახარაძის ქარხანა თანამშრომლობს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამე შეფერხება არის თუ არა. ჩოხატაურში არის კუსტარული ტიპის საცხობი. ისე კი, ასეთ დროს გურულები უფრო მეტად მჭადზე გადადიან ხოლმე, მე თვითონაც გურიიდან ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ პურის დეფიციტი ან მიწოდების პრობლემაა“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა გურიაში მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. დიდთოვლობის გამო ჩამონგრეულია 50-მდე სახლი, არ არის ელექტროენერგია, წყალი, მედიკამენტები, გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია იწერება იმის შესახებ, რომ ოჯახებს საკვებიც გამოელიათ.