იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესი იცვლება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, თუ აქამდე იპოთეკის შემთხვევაში სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ შესასყიდი უძრავი ქონება 100 000 ლარი ღირს, კომერციული ბანკისგან მაქსიმალური თანხა, რომლის სესხებასაც მოქალაქე შეძლებს, 80 000 ლარი იქნება (აქამდე ეს თანხა 70 000 ლარი იყო). სესხის მაქსიმალურ თანხას შორის არსებული სხვაობის დაფარვა კი საკუთარი სახსრებით მოუწევს.
„ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
ცნობისთვის, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტით (LTV) განისაზღვრება სესხის მაქსიმალური მოცულობა იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, რომლითაც სესხია უზრუნველყოფილი.
ამასთან, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0,25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს.
"მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს," - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 28 მაისს გაიმართება.