"ერთი შეხედვით, 2025 წლის იანვარში თბილისში უძრავი ქონების ბაზარი არ ჩამოშლილა, უფრო, სტაგნაციის მდგომარეობაშია. ანუ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ერთ ადგილზე დგას," - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
აღსანიშნავია, რომ მისი შეფასება Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას ეფუძნება. მისი თქმით, სტაგნაცია შესაძლოა იმით აიხსნას, რომ 2024 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციები იყო, რამაც ახალი პროექტების ტრანზაქციებში მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
"ბიზნესპრესნიუსი" გიორგი ხიშტოვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა (იანვარი 2025 VS იანვარი 2024):
• 2025 წლის იანვარი - 2892 ტრანზაქცია
• 2024 წლის იანვარი - 3149 ტრანზაქცია
ანუ, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 8,2%-ით (ახალ პროექტებში არის 0,5%-იანი მატება წინა წლის იანვართან შედარებით; ძველ პროექტებში არის დაახლოებით 29%-იანი კლება).
ამავდროულად, ბაზრის ზომა არის გაზრდილი 2%-ით (204 მილიონი დოლარიდან, 208 მილიონ დოლარამდე).
ამასთან, ბათუმში, ტრანზაქციების რაოდენობა იანვარში თითქმის იდენტურია წინა წლის შესაბამის პერიოდის (იანვარი 2024 - 1047; იანვარი 2025 – 1049).
ზოგადი დასკვნები:
1. ერთი შეხედვით, 2025 წლის იანვარში თბილისში უძრავი ქონების ბაზარი არ ჩამოშლილა; უფრო, სტაგნაციის მდგომარეობაშია; ანუ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ერთ ადგილზე დგას;
2. სტაგნაციის შესაძლო ამხსნელი შეიძლება იყოს 2024 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციები, რამაც ახალი პროექტების ტრანზაქციებში მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია 2024 დეკემბერში (2023 წელთან შედარებით, თითქმის 12% ზრდა ახალი პროექტების გაყიდვებში).
3. ზოგადად, იანვარი ყველაზე მშვიდი თვე არის ბაზარზე, ამიტომ, თებერვლის შედეგები იქნება საინტერესო.
4. საინტერესო იქნება, დამატებით, ბანკების იპოთეკური პორტფელის რეალური ზრდა შეფასდეს იანვარში და შედარდეს წინა წლის იანვარს", - წერს გიორგი ხიშტოვანი.