„სურსათის მარაგები საკმაოდ ბევრია“ - დიდთოვლობის გამო რეგიონებში დისტრიბუცია გართულებულია

დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტების ნაწილში სურსათის დისტრიბუცია გართულებულია. „ბიზნესპრენიუსთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია სწრაფად ბრუნვადი პროდუქციის მიწოდების საკითხი, მაგალითად ასეთია პური, რომლის მარაგების შექმნა შეუძლებელია.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, მუნიციპალიტეტებში კომპანიებს ძირითადი სასურსათო პროდუქტების მარაგები გააჩნია. რიჟამაძის თქმით, სურსათზე დეფიციტი არ შეიქმნება.

„კლიმატური პირობების გამო, გართულებულია დისტრიბუცია. ადგილზე არის საწყობებში პროდუქციის მარაგები. რა თქმა უნდა, სტანდარტული ინტენსივობით ვერ ხერხდება მომარაგება, მაგრამ დეფიციტის პრობლემა არ დგას. რაღაც პროდუქციაზე შესაძლოა, შემცირებულია მარაგები, განსაკუთრებით პრობლემური იქნება პურის მიწოდება. არის სოფლები, სადაც სადისტრიბუციო მანქანები არ ადიოდნენ და ხდებოდა მცირე მეწარმეების მიერ მუნიციპალური ცენტრებიდან პროდუქციის გატანა და გაყიდვა. ამ ნაწილში არის სირთულეები, მაგრამ სურსათის ძირითად ნაწილის დეფიციტი მუნიციპალურ დონეზე არ დგას.

ზუსტად დღეების მიხედვით ვერ გეტყვით რამდენი ხნის მარაგებია, არ იქნება სწორი, მაგრამ მარაგები საკმაოდ ბევრია, თითქმის ყველა პროდუქციის, გარდა სწრაფადბრუნვადი პროდუქციისა, რისი მარაგიც ვერ კეთდება - ასეთია პური. პური არ არის იმიტომ, რომ მომარაგება ვერ ხერხდება, სხვა ყველა პროდუქცია მარაგში აქვთ კომპანიებს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

შეგახსენებთ, მეექვსე დღეა საქართველოში ინტენსიურად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას დასავლეთში. ამ დრომდე ვერ ხერხდება საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდა. მოქალაქეთა ნაწილი თოვლის მაღალი საფარის გამო, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეწურებათ საკვების მარაგი. სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე არ არის დენი, გაზი და წყალი.

დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები დახმარების პროცესში ჩაერთნენ მოხალისეები. ადგილზე მუშაობს თავდაცვის ძალები და 600-მდე მეხანძრე-მაშველი.

მერი ტაბატაძე