„თბილისში უნდა თოვდეს, მაგრამ არ თოვს, რადგან „სმოგი“ გვაქვს ქალაქში“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერი დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით, რომელთაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ.
„თბილისში უნდა თოვდეს, მაგრამ არ თოვს, რადგან „სმოგი“ გვაქვს ქალაქში. ეს ბალიში რომელიც შექმნა ატმოსფერომ ძალიან ცუდია, ეს ნიშნავს, რომ ქალაქი არის ძალიან ბინძურ მდგომარეობაში, მყარი ნაწილაკები ნელ-ნელა ჩამოვა დაბლა და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას მათ, ვისაც აქვთ ალერგია“, - აღნიშნავს ჩხობაძე.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში არ თოვს, ჩხობაძის თქმით, არის ლიპყინული, რასაც თბილისი მოუმზადებელი შეხვდა.
„არ არის თოვლი, მაგრამ არის ლიპყინული. ქალაქი არ აღმოჩნდა მზად ამისთვის. თუმცა, თბილისს შედარებით უკეთესი მზაობა აქვს, ვიდრე სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს. თოვს საქართველოს ყველა კუთხეში და აბსოლუტურად ყველგან არის მოსალოდნელი ძლიერი ქარბუქი, შტორმებია პროგნოზირებული და შესაძლოა, გაუარესდეს მდგომარეობა“, - ამბობს ჩხობაძე.
მანვე აღნიშნა, რომ მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია გზების დროული გაწმენდა, რათა მდგომარეობა მეტად არ გაუარესდეს.