„ბიზნესმა მეტად უნდა ამოიღოს ხმა - ბიზნეს გარემოს გაუარესება პირდაპირ თუ ირიბად აუცილებლად შეეხება ყველას“ - კეპულაძე

„ევროპარლამენტის რეზოლუცია შესაძლოა, პოლიტიკოსებისთვის არ იყოს იმდენად სანერვიულო, რამდენადაც ბიზნესმენებისთვის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში კონკრეტული ბიზნესების სანქციების მოწოდება კომპანიებს ძველ და ახალ პარნტიორობთან თანამშრომლობის კუთხით საფრთხეს შეუქმნის.

„შესაძლოა, რეზოლუცია პოლიტიკოსებისთვის არ იყოს იმდენად სანერვიულო, რამდენადაც ბიზნესმენებისთვის, რომელთათვისაც რეპუტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ ურთიერთობა და უწევთ შეთანხმებების დადება. როდესაც უკვე პოტენციურ დასანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება ესა თუ ის ბიზნესმენი, არის ალბათობა იმის, რომ თუნდაც ძველ პარტნიორებს მასთან თანამშრომლობის სურვილი აღარ ჰქონდეთ.

„ქართული ოცნება“ ცდილობს დააკნინოს რეზოლუციის მნიშვნელობა, რადგან სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ევროკომისია ევროპარლამენტის რეზოლუციებზე დაყრდნობით ახორციელებს სასანქციო პოლიტიკას. ერთგვარი საკანონმდებლო მხარდაჭერა აქვს სანქციებს ევროპულ სტრუქტურებში და ახლა დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, რომ რეზოლუციას მოჰყვეს უახლოეს პერიოდში ევროკომისიის, ევროკავშირის ან ცალკეული წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება გარკვეულ პირთა სანქცირების შესახებ“, - აღნიშნავს კეპულაძე.

კეპულაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესების სანქცირების მოწოდება უარყოფითად აისახება ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე და არსებულ სიტუაციას გააუარესებს.

„უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან პარტნიორები ასეთ ქვეყნებში ფულის ჩადებას. ეს იმოქმედებს არამხოლოდ იმ ბიზნესმენზე, ვისაც დაასანქცირებენ, არამედ სხვა ბიზნესებსა და ეკონომიკურ გარემოზე. ვხედავთ სხვადასხვა კვლევით, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო და მოლოდინები არის გაუარესებული. ბიზნეს და ეკონომიკის გარემოს გაუარესება პირდაპირ თუ ირიბად აუცილებლად შეეხება ყველა ბიზნესს. გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა მეტად უნდა ამოიღოს ხმა და ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ სწრაფად დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც შესაძლოა, გამოუსწორებელი ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვეს როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის.

მესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის, წარმოუდგენელია, საქართველო და მისი მოსახლეობა ავტორიტარიზმის პირობებში იყოს მდიდარი. შესაძლოა, ოლიგარქის დასაყრდენი ელიტა გამდიდრდეს და კარგადაც იცხოვროს, მაგალითად, ავტორიტარულ და დიქტატორულ აფრიკის ქვეყნებშიც არის მდიდარი ფენა, მაგრამ მოსახლეობა აბსოლუტურ სიღარიბეშია და ეს ელის საქართველოს ავტორიტარიზმში. ასეთი რამ, რომ გავმდიდრდეთ და თან ავტორიტარიზმში ვიცხოვროთ, არ ხდება მათ შორის ნავთობით მდიდარ ქვეყნებში - იქაც გარკვეული ელიტა სარგებლობს შემოსავლებით და არ ნაწილდება მოსახლეობის ფართო ფენებზე, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესზე. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ აქ ბელარუსის ან აფრიკული დიქტატურის მოდელი იქნება, თვითონ კარგად იქნებიან და ცხოვრებას გააგრძელებენ ისე როგორც აქამდე, არასწორია - ამას ვერავინ შეძლებს, რაც არ უნდა დიდი შემოსავალი ჰქონდა. ყველას გარკვეული ტიპის საფრთხე ემუქრება, ეს იქნება ფინანსური, ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების კუთხით - აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან სწორი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.

იმ პირების სიაში, ვის სანქცირებასაც ევროპარლამენტი მოითხოვს, ვხვდებით მსხვილი ქართული ბიზნესის მფლობელების სახელებსაც. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

მერი ტაბატაძე